ავტორი:

საქართველოს ელჩმა და კონსულმა სალომე ტეტუნაშვილი მოინახულეს - რა ინფორმაციას ავრცელებს საელჩო?

საქართველოს ელჩმა და კონსულმა სალომე ტეტუნაშვილი მოინახულეს - რა ინფორმაციას ავრცელებს საელჩო?

იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ ქ. ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე სალომე ტეტუნაშვილი მოინახულეს, რომლის საძიებო სამუშაოებიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ელჩმა და კონსულმა შეხვედრა გამართეს ასევე ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელობასთან.

საელჩოს ცნობით, ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

"საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზე იყო დაკარგულის ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს.

იტალიის პოლიციამ სალომე ტეტუნაშვილს რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ, 26 იანვარს მიაგნო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.