"ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ! როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ, ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ და ვიტყვი რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ" - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მან სასულიერო პირებს მოუწოდა "ჭკვიანად იყონ“ და ზედმეტად ნურავის დაიცავენ, თორემ პასუხი ყველას მოეთხოვება.
"ჩვენთან ძალით ვაჟკაცობა არავინ არ უნდა დაიწყოს. კარგად გაიხსენეთ, როდესაც ვიღაცები ვაჟკაცობდნენ, როგორ გარბოდნენ მერე ქვეყნიდან. ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საქართველოზე ფიქრი. პატრიარქს რამდენი დამსახურება აქვს ერის წინაშე, პატრიარქის დასაცავად ქართველი ერი არასდროს არ გამოსულა. ღმერთი იცავს პატრიარქს, ვინც არ უნდა დაესიოს - ყვავ-ყორნები იქნებიან თუ ჩვენები იქნებიან, თუ გარედან იქნება ვინმე, ვინ ვის რა უნდა დააკლოს?!
სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ ქვეყანას. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი? თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო, აბა, რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული? უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა? ამიტომ გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ. როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ.
უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებთ, თუ საქართველოზე მანამდე იფიქრებდით. თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია. მაინცდამაინც 9 აპრილი უნდა მოხდეს, რომ ერთობა გვქონდეს?! გავერთიანდეთ მერე მაშინ დავიჯერებ ვიღაცაზე ზრუნავ, თუნდაც ერთ ადამიანზე. ამდენი ქალია ციხეში, იმათ კი არ რცხვენიათ გარეთ რომ დარბიან გამოვუშვათ, გამოვუშვათო?! იმდენი ქალია, ჯერ ქალებზე იზრუნეთ გამოუშვით, მერე დაგიჯერებთ! სხვებიც გამოვუშვით! მე აბსოლუტურად ყველას გავუშვებდი ციხიდან. ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად ვიყოთ და ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ, თორემ რაღაც პერიოდი მოვითმენთ, არავის არაფერს ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მან ქადაგებისას ასევე ისაუბრა საყოველთაო შერიგების პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "შერიგება აუცილებლად მოხდება და ღირსებაშელახული არავინ დარჩება“.
"შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც ვიცი. სხვები რომ ლაპარაკობენ თქვენ გგონიათ იციან რა არის შერიგება?! არ იციან რა არის შერიგება, შერიგება ხდება სხვანაირად.
მჯერა, აუცილებლად მოხდება შერიგება ისე, რომ ღირსებაშელახული არავინ დარჩება. დღეს ძალიან ბევრი ღირსებაშელახულად თვლის თავს, ეს უნდა ვიცოდეთ. თუ შენდობაა, სათხოვარი ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ, ალბათ, ყველა ვართ დამნაშავეები, ვიღაცებს რაღაცის უფლება მივეცით, დროზე არ გავაჩერეთ, აკეთეს ისეთი რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან, ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი. სულ გამარჯვებულები ვყოფილიყავით ქართველები, ჯერ ჩვენს თავზე გაგვემარჯვოს. პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან ძლიერი არ ყოფილა ეკონომიკა წინა წლებში, თუმცა, ძალიან მალე შეგვიძლია გამოსვლა სხვებისგან განსხვავებით. სიღარიბე რომ არის და ზოგიერთი ადამიანი რომ შიმშილობს და შეიძლება კვდებოდეს, ამას მივხედოთ და არა იმას, ვინ ჭამს და ვინ არ ჭამს. ხალხს საჭმელი არ აქვს, არათუ რაღაცის გამო არ ჭამს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გონიერება მოვიკრიბოთ! ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთი ქვეყანა გვაქვს.
ვხედავთ მსოფლიოში რა ხდება. ჩვენც ხომ არ უნდა გავხდეთ ისე, წახვიდე ვიღაცას ომი დაუწყო, შემოვიდნენ და კიდევ დავკარგოთ 20-30%? ცოტა გონივრულად უნდა მოვიქცეთ! დღეს ხალხი შეშინებულია. ჩვენი ერი შეშინებულია. პანდემიის მერე კი ისე შეაშინეს, რომ უნივერსიტეტში სასწავლებლად გამოსვლა არ უნდოდათ ვიღაცებს. მერე როგორ უნდა იმუშაონ პანდემია რომ მორჩება, როგორ უნდა იცხოვრონ? ნუ ვიქნებით ქართველები მშიშრები! უნდა გავფრთხილდეთ, მაგრამ შიში ჩვენთან, ქიზიყში არ ყოფილა! მტერზე პირდაპირ მივდიოდით ყოველთვის. გონივრული სიფრთხილე ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ზედმეტმა შიშებმა სიკვდილიანობა გააჩერა თუ რა ქნა?!“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.