ავტორი:

"კი, ვკანკალებთ და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება - რისი გაგონება გინდათ ჩემგან?!" - მიხეილ სარჯველაძე

"კი, ვკანკალებთ და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება - რისი გაგონება გინდათ ჩემგან?!" - მიხეილ სარჯველაძე

"კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება-არდასახელება არ შეიძლება გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან - არავითარი ზედმეტი სიფრთხილე - ეს არის სწორი დიპლომატია და სწორი პოლიტიკა" - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტი აბსოლუტურად გააზრებულია და მისი შემუშავება იმ რისკებისგან თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება წარმოადგენდეს უკრაინისთვის საფრთხეს.

„ამ საკითხის ირგვლივ, ალბათ, არანაირი საფუძველი არ არსებობს ისეთი განცხადებებისთვის, რომელიც თავისი შინაარსით ხშირ შემთხვევაში სპეკულაციურია და მთავარ ამოცანად და მიზნად ისახავს იმას, რომ რამენაირად დესტრუქციის ახალი მუხტი გააჩინოს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ირგვლივაც შესაძლებელია საყოველთაო კონსენსუსის გამოძებნა. მცდელობები კიდევ იქნება, რომ რაღაცნაირად განხეთქილების მიზეზები შემოტანილი იქნეს ამ სივრცეშიც, როდესაც ამის საჭიროება და საფუძველი ობიექტურად არ არსებობს. საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთი პირველთაგანი, მათ შორის სახელმწიფოთა შორის, რომლის მხრიდან მხარდამჭერი რეზოლუცია იქნება მიღებული. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფო იმ საფრთხეებისგან დასაცავად, რომელიც შეიძლება მას ემუქრებოდეს. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიზანიცაა მოვლენების ესკალაციის თავიდან აცილება და მაქსიმალურად განმუხტვა იმ ვითარების, რომელიც მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ზოგადად, ცივილიზებული კაცობრიობისთვის.

როდესაც ადამიანებს ვარწმუნებთ, რომ კონკრეტული მხარის არჩაწერა, ესკალაციისკენ ნაბიჯების არგადადგმა წარმოადგენს ცუდ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა და ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ფუჭი მცდელობა. რეზოლუციის მიღება რეალურად არის იმ საფრთხეების თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება წარმოადგენდეს უკრაინისთვის საფრთხეს. ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად გააზრებულია, ყველა სიტყვა აწონ-დაწონილია. ასეთია რეზოლუცია, რომელიც ინიცირებულია. ამის მიღმა ნებისმიერი სპეკულაცია ჩემი აზრით, არის ნებისმიერი თვალსაზრისით ნონსენსი და აბსურდი. ეს არის ცალკეული ადამიანების და ზოგ შემთხვევაში შეცდომაში შეყვანილი ადამიანების მცდელობა, რომლებსაც უხსნიან, რომ თითქოსდა ვიღაც ცდილობს, თავი აარიდოს უკრაინის მხარდაჭერას.

კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება-არდასახელება არ შეიძლება გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან. ტექსტი არის ზედმიწევნით გამართული და აბსოლუტურად ორიენტირებული იმ რისკებისა და საფრთხეების თავიდან არიდებისკენ მიმართული, რომელიც არის მთავარი რისკი უკრაინისთვის. ვფიქრობ, ცოტა უპასუხისმგებლოდ გამოიყურება ოპოზიციის მცდელობები, რომ აქ რაღაც ინსინუაციებს დაუთმეს ძალიან დიდი ადგილი და რეალურად იმიზეზებენ იმას, რომ საქართველოში არ შედგეს ამ საკითხზე კონსენსუსი, თორემ არაფერი დაეწუნება ამ დოკუმენტს და არაფერი აქვს ისეთი, რის გამოც შეიძლება ოპოზიციამ მას მხარი არ დაუჭიროს. მათი წარმოდგენებითაც ყველაზე უარესი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი, მაგრამ რას უწუნებენ დოკუმენტს, რომელიც ინიცირებულია, გაუგებარია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან რეზოლუციაზე საუბარი სპეკულაციაა და რეალურად ეს დოკუმენტი ვითარების რელევანტურია.

„არავითარი ზედმეტი სიფრთხილე - ეს არის სწორი დიპლომატია, სწორი პოლიტიკა, ეს არის სწორი პოზიციონირება ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ხარ ზედმიწევნით ზუსტი, იმ ვითარების რელევანტური, რომელიც არსებობს. ასეთ ფონზე თვალებში ნაცრის შეყრაა, როდესაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ უკრაინის აგრესიის საწინააღმდეგოდაა განცხადება გაკეთებულიო. ვინმეს თუ შეიძლება ამის სჯეროდეს, კი ბატონო, დაიჯეროს. თუ ვინმეს ამ დოკუმენტის გამოყენება რაღაც ვიწრო მერკანტილური მიზნების განსახორციელებლად უნდა, აკეთონ თავიანთი საქმე. აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინისთვის მთავარი საფრთხის აცილებას და ამისთვის დოკუმენტი არის რელევანტური. ოპოზიციის მხრიდან თავიდან ბოლომდე სპეკულაციაა”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, ეშინია თუ არა “ქართულ ოცნებას” რუსეთის, სარჯველაძემ უპასუხა “ვკანკალებთ, კი”.

“ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება - რისი გაგონება გინდათ ჩემგან?! ვის ეშინია?! კომიკურია, როდესაც თითქოს ისე გამოჰყავთ ვითარება, რომ რუსეთთან მიმართებით ჩვენი პარტიის რომელიმე წარმომადგენელს რამეზე უკან დაეხიოს, როდესაც განცხადება აქვს გასაკეთებელი. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი უკრაინის მხარდაჭერა კი არა, ინსინუაციების შექმნაა.

“ოპოზიცია აცხადებდა, ხელისუფლებას რეზოლუციის მიღება არ უნდაო, ამას ტირაჟირებდნენ. შემდეგ რომ შეხვდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე. არავის ამისთვის ბოდიში არ მოუხდია ოპოზიციის მხრიდან. შერცხვნენ, იმიტომ რომ საზოგადოება მოატყუეს, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია”,- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება “დროას” მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შედგენილ დოკუმენტს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მოაწერს ხელს, სარჯველაძე ამბობს, რომ “სინამდვილეში ამ ადამიანების მიზანი არის არა ის, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს იმ რისკების თავის არიდებისთვის დოკუმენტის მიღებას, რომელიც უკრაინელ ხალხს რისკებს აარიდებს, არამედ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ესკალაცია იყოს საქართველოში და რუსული საქმე გაკეთდეს”.