XIX საუკუნეში დიდი ილია წუხდა: „ჩვენი „ქართლის ცხოვრება“ ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებულიო.“
წარსულის რეკონსტრუირება არასდროს მოგვცემს სრულყოფილ სურათს, თუ კვლევა-ძიებისას ამოსავალი ადამიანი და მისი გარემომცველი სამყარო არ იქნება. ისტორიკოსის შესწავლის მთავარი ობიექტი ადამიანია, ვინაიდან სწორედ იგია ისტორიის შემოქმედი. როგორი იყო ჩვენი წინაპრების სამოქმედო არეალი, როგორი იყო მათი მსოფლმხედველობა და რას გრძნობდნენ - ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემის გზით მკვლევარს უფრო ღრმად მიჰყავს მკითხველი ისტორიის ლაბირინთებში.
სწორედ ამ მიზნით, ილიასა და ბევრი პატრიოტი ქართველის გულის წუხილის საპასუხოდ, 21 თებერვლიდან ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა „პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს.
„მსგავსი პროექტი არცთუ ბევრ ქვეყანაში განხორციელებულა. ეს გახლავთ მასშტაბური გამოცემა, რომლის მიზანია მკითხველს ისტორია სულ სხვა კუთხით, მთელი თავისი მრავალფეროვნებით დავანახვოთ. თითოეული ტომი მიეძღვნება ისეთ თემებს, რომლებსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე ისტორიის სახელმძღვანელოებში. ვგულისხმობ იმას, რომ, როგორც წესი, ჩვენ ვიკვლევთ და ვსწავლობთ მეფეების, ომების ისტორიას, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება საზოგადოების ყოველდღიურობა, ის რაც სხვადასხვა ეპოქის ადამიანების ყოფის ნაწილი იყო. ისტორია უნდა გაცოცხლდეს, ჩვენს წარმოდგენებში უნდა გავაცოცხლოთ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ, მოღვაწეობდნენ, იბრძოდნენ... ისტორია არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკური მოვლენების გროვად, ის უნდა გახდეს ერთ დროს ცოცხალ ადამიანთა ამბების მთხრობელი“, - განმარტავს ჯაბა სამუშია.
ისტორიის წიგნებში გადმოცემული ამბები უძველესი დროიდან დაიწყება და უახლეს პერიოდამდე მოვა. ეს იქნება მართლაც საქართველოს ისტორიის პალიტრა მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ისეთი თემებით, როგორებიცაა: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის ისტორია, ეპიდემიების ისტორია, ზღვაოსნობა და ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო კიდევ არაერთი მიმართულება.
ამ ეტაპზე დაგეგმილი 15-ტომეულის თემატიკა კი ასე გამოიყურება:
თითოეულ ტომზე ერთი ან რამდენიმე ისტორიკოს-მკვლევარი მუშაობს. გამოცემებს სამეცნიერო კვლევების სახე არ ექნება, რადგან ისინი ფართო საზოგადოებისთვის საკითხავად არის განკუთვნილი, თუმცა მათ მოამზადებენ მაღალი დონის ისტორიკოსები. სამუშაო პროცესში ყველა თაობის ისტორიკოსია ჩართული. საერთო ჯამში მათი რაოდენობა 20-ს აღემატება. თითოეული ისტორიკოსი იმ კონკრეტულ თემაზე იმუშავებს, რომელსაც წლებია იკვლევს და მისი სამეცნიერო საქმიანობის მთავარი საგანია. წიგნების ნაწილი უშუალოდ ამ პროექტისთვის იწერება, ნაწილი კი ისტორიკოსების უკვე არსებული ნამუშევრების ხელახლა გამოცემაა.
15-ტომეულის პირველი ტომია აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის „ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან“, რომელიც ისტორიას ჯერ კიდევ ზეზვასა და მზიას ეპოქიდან მოგვიყვება. ჯაბა სამუშია ამ წიგნს პროექტის პროლოგს უწოდებს. მეორე ტომი ქართველთა ეთნიკურ ისტორიას მიეძღვნება, რომელზეც ისტორიკოსი როლანდ თოფჩიშვილი იმუშავებს.
როლანდ თოფჩიშვილი, ისტორიკოსი: „ეთნიკური ისტორიის პრობლემების შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოკვლევები ამ დრომდე არ გვქონდა. იწერებოდა მხოლოდ პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ისტორია, მაგრამ განვითარების რა გზა გაიარა ქართველმა ხალხმა, ფაქტობრივად, არ იყო გამოკვლეული. ამ დრომდე მხოლოდ აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის რამდენიმე მოსაზრება გვქონდა. ჩემი ნაშრომი ამ მხრივ პირველია. ამ საკითხით ახალგაზრდობიდანვე დავინტერესდი და დღემდე მას არაერთი გამოკვლევა მივუძღვენი. დღეს კი ეს ყველაფერი ერთ წიგნად შეიკვრება. მასში განხილულია როგორც ქართული ეთნოსის აღმასვლითი, ისე დაღმასვლითი ეტაპები. დაღმასვლაში იგულისხმება ის პერიოდი, როდესაც ქართველ ერში ქრისტიანობისა და სხვადასხვა რელიგიის განსხვავებული მიმართულებები გავრცელდა. ეს გახლდათ ისლამი, სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოება, კათოლიკური ქრისტიანობა. შუა საუკუნეებში რელიგია და ეთნიკურობა, ფაქტობრივად, ერთმანეთთან გათანაბრებული იყო. სწორედ ამიტომ აღნიშნული პერიოდი ქართული ეთნოსის დაღმასვლის ეპოქად მოიხსენიება. ამ პერიოდში სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის მიმდევარი ქართველები თავს ქართველებად აღარ მიიჩნევდნენ. მაგალითად, ქართველი კათოლიკეები თავს ფრანგებს უწოდებდნენ, ქართველი გრიგორიანები - სომხებს, ქართველი მაჰმადიანები - თათრებს. ამ და არაერთ საინტერესო საკითხს გააერთიანებს ახალი გამოცემა.“
დიმიტრი შველიძე, ისტორიკოსი: „საქართველოს ისტორიის პალიტრის“ ფარგლებში ჩემი სამუშაო თემაა საქართველოს პოლიტიკური პარტიები. დღეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ჩვენი ქვეყნის, და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი წამყვანი საკითხია. თანამედროვე პოლიტიკური პარტიები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიშვა, როდესაც ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, თუმცა პოლიტიკური პარტიების ისტორია უფრო ადრე იწყება. საიდან მოგვევლინა პოლიტიკური პარტიები? რა როლს ასრულებდნენ ისინი და დღეს რა ადგილი უკავიათ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში? - ამ შეკითხვებმა მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ დაიწეროს მონოგრაფია, რომელიც თითოეულ კითხვას კვალიფიციურ პასუხს გასცემს. ნაშრომი საინტერესო იქნება საზოგადოების ყველა ფენისთვის, განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.
წიგნში გადმოცემული ისტორია 1830-იანი წლებიდან იწყება. 1832 წლის შეთქმულება პირველი პოლიტიკური პარტიის შექმნის მცდელობად მიიჩნევა. შეთქმულები თავს პარტიას უწოდებდნენ და მეთაური, პარტიის ლიდერიც აირჩიეს. მას შემდეგ პოლიტიკური პარტიების წარმოქმნის უფრო ორგანიზებული ცდები ფიქსირდება. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის შექმნამდე გაგრძელდა. საბჭოთა კავშირში კი ერთპარტიული დიქტატურა დამყარდა და პოლიტიკური პარტიები აიკრძალა. განვითარების მეოთხე ეტაპი 1980-იანი წლებიდან იწყება, როდესაც პოლიტიკური პარტიები გაძლიერდნენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაიწყეს. განვიხილავთ მათ თავიანთი მეთაურებით, პროგრამებით, მიზნებით... ისტორიის თხრობა 2012 წლამდე პერიოდს მოიცავს, რადგან ამჟამინდელ წამყვან პოლიტიკურ პარტიას თავისი უფლებამოსილება არ შესწყვეტია და მასზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია.“
ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ისტორიკოსი: „ჩემი ტომი შეეხება ქართულ მოდისტიკას, ანუ ფულის ერთეულების ისტორიას. საქართველოს ქაღალდის ფულის ნიშნების ტრადიცია მე-20 საუკუნიდან აქვს. 1919 წელს თბილისში პირველი ქაღალდის ფული გამოვიდა. ეს იყო კომისარიატის მოდი. მოდი - ეს არის დროებითი ფულის ერთეული. მას ნაკლები უზრუნველყოფა აქვს, მაგრამ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იყო, არც რეზერვები ჰქონდა. 1918 წლიდან 1924 წლამდე თბილისში გამოცემული მოდები მიმოიქცეოდა. შემდეგ იყო 69-წლიანი წყვეტა, ვიდრე საქართველოში კუპონი გამოჩნდებოდა. საინტერესოა ერთი ფაქტიც. ფულის ერთეულების სახელმწიფო გამოშვებების გარდა, არსებობდა კერძო გამოშვებებიც. ფულის ნიშნების დეფიციტი და დიდი ინფლაცია იყო. შესაბამისად, იქმნებოდა კერძო ფულის ნიშნები. ქალაქებს, დაწესებულებებს, ქარხნებს თავისი ფულის ნიშნები ჰქონდათ და შიდა მოხმარებისთვის იყენებდნენ. არსებობდა სამხედრო ტიპის ფულიც.
ამ თემაზე 1990 წლიდან ვმუშაობ და არაერთი სტატია მაქვს დამუშავებული. 1996 წელს წიგნიც გამოვიდა. 26 წლის შემდეგ ის გადამუშავებული და შევსებული სახით ხელახლა გამოიცემა.“
სერიის წიგნები 21 თებერვლიდან თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად კი - 15 ლარი.
21 თებერვლიდან იკითხეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების წერტილებში ან გამოიწერეთ საიტიდან www.palitral.ge და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.
R