"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ამსახველი ფოტომასალა წარადგინა.
მან პრემიერ-მინისტრის მეუღლის და სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას მეუღლისთვის იჯარით გადაცემული ტყის ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა და ხელისუფლებას ამ საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება მოსთხოვა.
"თითოეული თბილისელისთვის დღეს მგზავრობის გადასახადი გაძვირდა და 50 თეთრის ნაცვლად გახდა 1 ლარი. თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის 2022 წელს გაძვირდა ელექტროენერგიის ტარიფი და ეს უკვე აისახა მათ ქვითრებზე, ამასობაში გაძვირდა დასუფთავების გადასახი იურიდიული პირებისთვის, რაც დამატებით პრობლემად დააწვება ბიზნესსაც და შემდეგ იმ ადამიანებს, ვინც ამ სერვისებით სარგებლობენ. გაძვირებულია საწვავი, გაძვირებულია პირველადი მოხმარების პროდუქტები, ყოველდღიურად ძვირდება ამ ქვეყანაში ცხოვრება.
ამასობაში, ბევრს შეიძლება გინახავთ ირაკლი ღარიბაშვილის სასახლე ბაკურიანში და ნუნუ თამაზაშვილისთვის გადაცემული ტყე ყველასთვის მე მგონი უკვე საჯარო და ცნობილია. მეგობრებო, ჯობია, რომ ეს ქონება დაუბრუნდეს ისევ სახელმწიფოს და ეს იჯარა მოხსნათ, ეს იქნება გონივრული ნაბიჯი და არა ის, რომ თურმე რაღაც განცხადებებს აკეთებთ, როგორმე გაამართლოთ ეს კორუფციული გარიგება. შეგახსნეებთ, რომ ეს სასახლეც უკანონოდ არის თავის დროზე აშენებული, რაც დაადასტურა ნუნუ თამაზაშვილის ძმამ, რომელმაც თქვა, რომ ეს სარეკრეაციო ზონაა და მანდ მშენებლობა არ შეიძლებაო. დიახ, არ შეიძლება იქ მშენებლობა, მაგრამ ასეთი მშვენიერი სასახლე აქვს წამოჭიმული პრემიერ-მინისტრს.
ამასობაში გაგახსნებთ ისევ, რომ აფრიკაში და ორხევში თავს დაესხა თქვენი გენერალური მდივანი კახი კალაძე მოსახლეობას, მინუს 5 გრადუს ყინვაში და გამოყარეთ ერთადერთი თავშესაფრიდან ადამიანები. ამასობაში კი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ კორპუსი უკანონოდ ააშენა, მერე თქვენმა კოლეგებმა საკრებულოში თქვეს არანაირი მექანიზმი არ არის, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთო. აქ ბულდოზერი და ტრაქტორი ვერ მივიდოდა პირველი სართული უკანონოდ რომ ააშენა? თუ მისამართი არ იცოდა? დედაქალაქში სავაჭრო ცენტრი ააშენეს უკანონოდ ისე, რომ თქვენმა მერმა ვერ დაინახა, არადა პირდაპირ წერია იქ, რომ სარეკრეაციო ზონაა - „მოდუსს“ ვგულისხმობ კახეთის გზატკეცილზე. წერია, რომ სტრატეგიული ობიექტია, გენგეგმაში წერია, რომ იქ მაგისტრალი უნდა აშენდეს. ჰოი საოცრებავ, ვერ დაინახა ეს ყველაფერი კალაძემ და იქ დღეს სავაჭრო ცენტრია აშენებული,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილს "ქართული ოცნების წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ უპასუხა.
"დღეს "ხაბემ“ სიცრუის ტირაჟირების რეკორდი მოხსნა, ისე გამაოცა, რომ გაოგნებული ვიკითხე, 1-ელი აპრილი ხომ არ იყო - შე მასხარა, არც ერთ ტყუილს არ შეგარჩენ! - ასე მიმართა ოპოზიციონერ კოლეგას ზარქუამ.
"ვაჟბატონმა ხაბეიშვილმა თქვა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად ტარიფები გაიზარდა. დღეს ვერც ერთ ყვითელ ავტობუსს და "მარშრუტკას“, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო იყო, ვერ ნახავთ. შექმნილია სისტემა, სადაც უსინათლოები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები შეღავათით ისარგებლებენ - ზოგი უფასოდ დადის, ზოგი 10 თეთრიანი ტარიფით. ხოლო მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით ყოველთვის სარგებლობს, დავამატეთ, რომ ლურჯ “მარშრუტკაში“ ძველი თუ ახალი მეტრომანით ერთხელ რომ გადაიხდიან, მთელი 90 წუთის განმავლობაში უფასოდ მგზავრობის სარგებლობა შეეძლებათ. არის სხვადასხვა ტარიფები - თვეში 40 ლარი, დღეში - ერთი ლარი და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ლევან ხაბეიშვილის კრიტიკის პასუხად ზარქუამ ისიც აღნიშნა, რომ “პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შუქზე გაზრდილი ტარიფი სუბსიდირებულია მთელი წლის განმავლობაში, რაც „ყველაზე მეტად შეჭირვებულ მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხო“.
ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილს ასევე მიმართა, “კარგად მოიკითხოს, მისი ბელადი როგორ გადასცემდა ტყეს ერთ ლარად და როგორ ჩუქნიდა მას საკუთარ პარტიულ მუშაკებს“.