ავტორი:

რას მოუტანს მსოფლიოს თანამედროვე ავტოკრატების ალიანსი - "ვაშინგტონი ვეღარ ახერხებს პეკინსა და მოსკოვს შორის შუღლის ჩამოგდებას"

რას მოუტანს მსოფლიოს თანამედროვე ავტოკრატების ალიანსი - "ვაშინგტონი ვეღარ ახერხებს პეკინსა და მოსკოვს შორის შუღლის ჩამოგდებას"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, როგორც დაგეგმილია, ერთმანეთს პეკინში 4 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს შეხვდებიან. უკრაინასთან დაკავშირებული ვითარების გათვალისწინებით, მსოფლიო მასმედია ამ შეხვედრას საკმაოდ მასშტაბურად ეხმაურება.

ბრიტანულ გაზეთ "თაიმსში" (The Times) გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: "დასავლეთი ავტოკრატების ალიანსს უფრთხის“ (ავტორი - როჯერ ბოისი) რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობის საკითხებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს.

"რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი და საბჭოთა კავშირი (ჩათვალე: რუსეთი) ვერ თანხმდებოდნენ იმაში, თუ როგორ უნდა აშენებულიყო კომუნიზმი. დღეს პეკინში ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა, ალბათ, გვამცნობს იმას, თუ როგორ ცდილობს ეს ორი ქვეყანა, გაძლიერდეს და განმტკიცდეს მათი ალიანსი ისე, რომ თანამედროვე მსოფლიო ამ ავტოკრატებისათვის უსაფრთხო გახდეს.

ჩინეთის ლიდერი მხარს უჭერს თავის რუს კოლეგას უკრაინის საკითხში: ორივე მიიჩნევს, რომ ამერიკის ჩარევის საპირისპიროდ მოქმედებენ. არავითარი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ როცა დრო მოვა, ვლადიმერ პუტინი, თავის მხრივ, ჩინეთის შეჭრას ტაივანზე დასავლეთის "პროვოკაციის“ საპასუხო ნაბიჯად მონათლავს.

რიჩარდ ნიქსონისა და ჰენრი კისინჯერის ეპოქის სიბრძნე იმაში გამოიხატებოდა, რომ აშშ მოსკოვსა და პეკინს ერთმანეთზე აქეზებდა და ამით თვითონ რჩებოდა მოგებული, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია განსხვავებულია - ვაშინგტონი ვეღარ ახერხებს პეკინსა და მოსკოვს შორის შუღლის ჩამოგდებას. დასავლეთის მწვავე ანტირუსული რეაქცია უკრაინის საზღვრებთან რუსეთის არმიის კონცენტრაციასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს იძულებულ ხდის სი ძინპინს "ჩაეხვიოს“.

ჩინეთისა და რუსეთის ამჟამინდელი მჭიდრო ურთიერთობა ისეთია, როგორიც არასოდეს ყოფილა და უფრო მეტიც - იშვიათად თუ არსებობს თანამედროვე მსოფლიოში. ჩინეთი რუსულ გაზს აზიურ გაზსადენ "სილა სიბირის“ მეშვეობით ისეთი დაბალი ფასით იღებს, რომელიც ევროპულ გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადის“ მომხმარებლებ არც დაესიზმრებათ. დიახ, რუსეთი ჩინეთს გაზს იაფად აძლევს, მაგრამ ეს კრემლისათვის ერთგვარი თავის დაზღვევას წარმოადგენს დასავლური სანქციების გამოცხადების შემთხვევაში.

პეკინს ასევე შეუძლია მოსკოვს გაჭირვებაში დაეხმაროს იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ და ევროკავშირი რუსეთის საბანკო სისტემას დაარტყამენ: თავის დროზე ჩინელმა სპეციალისტებმა ირანს ურჩიეს, თუ როგორ უნდა აევლო გვერდი დასავლური სანქციებისათვის, როცა ირანი SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან იქნა გამორთული.

სხვათა შორის ამას წინათ ვაშინგტონმა დიპლომატიური არხებით სთხოვა პეკინს - თუ მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმას მართლაც ფიქრობს, იქნებ გადაათქმევინოო, მაგრამ უკვე გვიანია: ჩინეთი და რუსეთი მოკავშირეები გახდნენ", - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ