ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია" - არჩილ თალაკვაძე

"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია" - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა "ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გასასამართლებლად მოიფიქრა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"კომისიების შექმნის ინიციატივის მსგავსი არაერთი ინიციატივა გვინახავს. როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი საბაბი, რომ თავის მხარდამჭერებს არა პირდაპირ უთხრან სიმართლე, რომ აუცილებელია პარლამენტში შესვლა და ამას ითხოვს საზოგადოება, ამას ითხოვენ და ურჩევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ კიდევ რაღაც საკითხი მოიფიქრონ, თუ რით შეიძლება გაამართლონ პარლამენტში შესვლა და მუშაობა.

თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა პარლამენტის რეგლამენტი. ჩვენ ოპოზიციას მივეცით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და ბერკეტები იმისთვის, რომ თავისი საქმე გააკეთოს პარლამენტში. შესაბამისად, ოპოზიციას თვითონ შეუძლია რომ შექმნას კომისია. ის, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, გამოძიება ამაზე ჩატარებულია, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე აქვს ნათქვამი, რომ სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის ქვეშ, მისი ხელმძღვანელობით, მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია იყო ჩართული უმძიმეს კანონდარღვევებში, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება. ამიტომ აქ გამოსაძიებელი არაფერია. სხვა საქმეზე, მაგალითად, გადაკვეთა თუ არა საზღვარი მიდის სასამართლო პროცესები. ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერ ამ საკითხს ჩაუღრმავდეს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.