"გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ იქნება თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, ეს გაერთიანება რა ელექტორალურ ბაზას მოგვცემს - ოპოზიციამ გაერთიანებაზე კი არ უნდა ისაუბროს, არამედ იმაზე, რატომ ვერ ახერხებს ამომრჩევლის მიმხრობას" - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციონერი დეპუტატის გიგი უგულავას იდეა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. ქოლგა პარტია იყოს.
ძაბირაძე არ ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ელექტორალურ ბაზას შეცვლის.
"იდეა, რომ უფრო დიდი პარტია გახდეს, რას ნიშნავს, ამაზე უნდა იყოს საუბარი - ამ პარტიის ელექტორალური ბაზა გაფართოვდება თუ არა; შეძლებს თუ არა ასეთ შემთხვევაში ეს პარტია ოპოზიციური ელექტორატის 80-90%-ის გაერთიანებას, თუ ეს ელექტორატი ისევ ცალკე დარჩება და პარტიას დარჩება იგივე? დღეს "ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციური ელექტორატის დაახლოებით ნახევარი ან მეტი უჭირავს. ეს პროცენტი გაერთიანების შემთხვევაში შეიცვლება "ნაცების“ სასარგებლოდ, მნიშვნელოვნად შეიცვლება თუ არ შეიცვლება? გაერთიანების წინააღმდეგი არავინ შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი ქოლგის ქვეშ იქნება თუ როგორ, ფორმას მნიშვნელობა არ აქვს - მნიშვნელობა აქვს იმას, ეს გაერთიანება რა ელექტორალურ ბაზას მოგვცემს. ზოგადად, ოპოზიციას ამის გააზრება უჭირს.
ოპოზიციამ გაერთიანებაზე კი არ უნდა ისაუბროს, არამედ იმაზე, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ამომრჩევლის მიმხრობას, რაშია ამის საიდუმლო. არ მგონია, რომ ასეთმა გაერთიანებამ მნიშვნელოვნად შეცვალოს ელექტორალური ბაზა "ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. ფიქრი უნდა იყოს იმაზე, როგორ გადაჯგუფდებიან პარტიები, რომ ოპოზიციური ფლანგის მაქსიმალური ხმები წაიღოს. ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება ხშირად შედეგებს არ იძლევა.
აბსურდულია, როდესაც ვსაუბრობთ, რომ გაერთიანდნენ "ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ და თავიანთი თავი შეინარჩუნონ. ეს როგორ უნდა მოხდეს? ერთი ქოლგის ქვეშ კი არა, ვინც ოპოზიციურ ფლანგზეა, ყველა რომც გაერთიანდეს და თქვას, ჩვენი მიზანია სააკაშვილის გამოშვება, არჩევნებში დამარცხდებიან, რად უნდა ამას დიდი ფილოსოფია“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
რაც შეეხება უგულავას კიდევ ერთ იდეას, რომ შეიქმნას ბლოკი, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურა და მათ შორის გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი გაერთიანდება, ძაბირაძე ამბობს, რომ "ეს ერთ-ერთი სწორი მიმართულებაა“.
"ჰალსტუხიანთა პარტია“ რა არის, თვითონ " ფიშტოიანთა" პარტიები არიან? ეს არის ჯერჯერობით თეორიული ვარიანტი და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი, როგორ არჩევნებს ვიღებთ 2024 წელს. ეს ხომ არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი. ზოგადად არ ვიტყოდი, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია. უკეთესი იქნებოდა, თუ "ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ დარჩენილი პარტიები, ყველა ერთ ქვაბში კი არ მოიხარშება, ორ ჯგუფად მაინც გაიყოფა. ისეთი ჯგუფები იქნებიან, რომელთაც ბარიერის პრობლემა არ ექნებათ და უფრო თავსებადები იქნებიან ერთმანეთთან“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
მიხეილ სააკაშვილის როლზე კი, იმ პოლიტიკურ პროცესში, რაზეც გიგი უგულავა საუბრობს, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ თუ სააკაშვილი სხვა პარტიების ლიდერიც იქნება, ეს პარტიები ე.წ. შუა ამომრჩეველს ვერ წაიყვანენ.
"საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებს სააკაშვილი არ ალაგებს, ვერც ვერასდროს დაალაგებს. თუ ამაზეა საუბარი, სხვა დონეზე და სხვა ადამიანისა და რესურსების ჩართვით ხდება და არა სააკაშვილის გავლენებით, საქართველოში იქნება თუ უკრაინაში. რაც შეეხება სააკაშვილის ლიდერობას, თუ წარმოვიდგენთ, რომ რამდენიმე სუბიექტიანი საარჩევნო კამპანია იქნება და მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, შეიძლება დარჩეს სააკაშვილი, მაგრამ დანარჩენების ლიდერადაც სააკაშვილი თუ იქნება, გამოვა "ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლის გარეშე. სააკაშვილის ლიდერობა შუა ამომრჩეველს ვერ წამოიყვანს“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საკუთარ "ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორი ხედვა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. უგულავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს“.
მისივე თქმით, უნდა "წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ოცნების“ გარდა არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს "ლელოს“, "გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს“. როგორც უგულავა წერს, ეს იქნებოდა "თეთრესაყელოიანთა“, უფრო ზუსტად კი "ჰალსტუხიანთა პარტია“. მისივე აზრით, ამ ბლოკს რეალურად შეუძლია ხმები წაართვას "ოცნებას“.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, უგულავა ამბობს, რომ ეს "ცალკე ტკივილია“, რადგან "ძალიან ბევრი ადამიანისთვის ფაქტი, სააკაშვილი ციხეში, პოლიტიკურის მიღმა, უბრალოდ სირცხვილია“. მისივე თქმით, სააკაშვილის გარეშე მომავალი კოალიცია ვერ დაკომპლექტდება.