ავტორი:

"სარქისიანს კავშირი ჰქონდა მსოფლიო ლიდერებთან, შეიხებთან... ხაჩატურიანს კი სომხეთშიც არავინ იცნობს" - პოლიტოლოგების მწვავე კრიტიკა ფაშინიანის საპრეზიდენტო კანდიდატზე

"სარქისიანს კავშირი ჰქონდა მსოფლიო ლიდერებთან, შეიხებთან... ხაჩატურიანს კი სომხეთშიც არავინ იცნობს" - პოლიტოლოგების მწვავე კრიტიკა ფაშინიანის საპრეზიდენტო კანდიდატზე

მარტში სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე წარმოადგინა მმართველი გუნდის კანდიდატი ვაჰაგნ ხაჩატურიანი. მისი თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატს, მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრ ვაჰაგნ ხაჩატურიანს პრემიერისა და მისი გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.

"ჩვენი ქვეყნის პარლამენტის 65 წევრი ვაჰაგნ ხაჩატურიანის კანდიდატურაზე აკეთებს არჩევანს, ეს კი ნიშნავს, რომ ის სომხეთის პრეზიდენტი გახდება. არჩევნებამდე ის სამინისტროში დარჩება და საკუთარ მოვალეობას შეასრულებს" - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანის გუნდის ფავორიტი პროფესიით ეკონომისტია, ის 2021 წლის ზაფხულში ფინანსთა მინისტრად დანიშნეს. ადგილობრივების თქმით, ძნელი სათქმელია, რომ კორუმპირებული წრიდან არ არის.

"ხაჩატურიანი 1992-1995 წლებში ერევნის მერი, 1995-1999 წლებში კი, სომხეთის პარლამენტის წევრი იყო. შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა. ეტყობა, რომ არც ახალ გუნდთან გასჭირვებია საერთო ენის პოვნა. ასეთი კანდიდატების წამოწევით ფაშინიანი მის წინამორბედებს ემსგავსება და კიდევ უფრო კარგავს ნდობას..." - მიაჩნიათ სომხებს.

სომხეთის კონსტიტუციით თანახმად, პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევს. პრეზიდენტობის კანდიდატებს საპარლამენტო ფრაქციები ასახელებენ. ამჟამად მოქმედ პარლამენტში 107 დეპუტატია, 71 მანდატი ფაშინიანის პოლიტიკურ ძალას "სამოქალაქო შეთანხმებას" აქვს, ოპოზიციურ "სომხეთს" - 29, პარტიას "პატივი მაქვს" - 6, ერთი დეპუტატი უფრაქციო დეპუტატის სტატუსით სარგებლობს.

კონსტიტუციის თანახმად, პირველ ტურში იმარჯვებს კანდიდატი, რომელმაც ხმების სულ მცირე 3/4 მიიღო, მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში მასში მონაწილეობს ყველა კანდიდატი, იმარჯვებს კი ის, რომელმაც ხმების სულ მცირე 3/5 მიიღო. თუ გამარჯვებული ვერც მეორე ტურში გამოვლინდა, ინიშნება მესამე ტური, სადაც მხოლოდ ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მონაწილეობს და იმარჯვებს ის, ვინც 50%+1 ხმას მიიღებს.

სომხური ოპოზიცია უარს ამბობს, მიიღოს მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი კანდიდატი.

"ის, რომ საპარლამენტო ოპოზიცია თავის კანდიდატურას არ წარმოადგენს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ისინი ამ არჩევნებში სუსტად, ფაქტობრივად, უშანსოდ გამოიყურებიან. მათი მთელი წარმატება იმაში გამოიხატება, რომ მმართველი გუნდის კანდიდატურას აპროტესტებენ..." - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი რობერტ აბრამიანი.

მისივე თქმით, ოპოზიცია ბოიკოტისთვის ემზადება, რაც ბრძოლის ძალიან უსუსური გზაა. სინამდვილეში იციან, რომ მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილი უჭერს მხარს...

"თუმცა, საქმე ის არის, რომ ფაშინიანიც განაგრძობს ჩვენს გაოცებას, ოღონდ უარყოფითი გზით. რა სამწუხაროა, რომ სომეხი ერი შეეჩვია მუდმივ იმედგაცრუებას. ნიკოლი ის ლიდერი იყო, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდით, ახლა ის ძალიან ჰგავს ალიევს, რომელიც ერდოღანის ლაქიაა, ჩვენი პრემიერის დამსახურებით სომხეთი რუსეთის ვასალია, სამუდამო თუ არა, ძალიან დიდი ხნით... ეს საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩვეულებრივი კლოუნადაა. სინამდვილეში, სომხეთში არასდროს არაფერი შეიცვლება" - ამბობს აბრამიანი.

kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში პოლიტოლოგი არმენ ვარდანიანი ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, რადგან არ აქვს წარმატების შანსი. მისი თქმით, ხაჩატურიანის მოგების შანსიც ძალიან დაბალია.

"2018 წელს არმენ სარქისიანს (ის მიმდინარე წლის 23 იანვარს გადადგა) ოთხიდან სამმა ფრაქციამ დაუჭირა მხარი, ფორმალურად მაინც იყო პოლიტიკური კონსენსუსი. ფაშინიანი არ მალავს, რომ ახალი პრეზიდენტი მმართველ გუნდთან ჰარმონიაში უნდა იყოს. მას არ უნდა ავტორიტეტული ფიგურა, სურს ყველა კადრი და ინსტიტუტი კონტროლის ქვეშ იყოს, ვაჰაგნ ხაჩატურიანიც ასეთი იქნება. რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს", - ამბობს ვარდანიანი.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ფორმალურად მაინც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას.

"არადა, სარქისიანი და ხაჩატურიანი სრულიად განსხვავებული წონითი კატეგორიაა. არმენ სარქისიანს შეეძლო ჯო ბაიდენისთვის დაერეკა, კავშირი ჰქონდა მსოფლიო ლიდერებთან, შეიხებთან, მეფეებთან. დადიოდა მსოფლიოში, ცდილობდა ინვესტიციები მოეზიდა. ხაჩატურიანს კი, მსოფლიოში კი არა, სომხეთში არ იცნობს არავინ. ისევ და ისევ იგივე პრობლემა - კადრების დეფიციტი. ჩვენს პარლამენტს არ ჰყავს კადრი, რომელსაც საერთაშორისო არენაზე წონა აქვს. ეს არის ჩვენი რეალობა" - ამბობს ვარდანიანი.

კიდევ ერთი პოლიტოლოგი, არმენ ბადალიანი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, ოპოზიციას ნეიტრალური კადრი დაეყენებინა, ამით პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებდნენ, მაგრამ კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ.