ავტორი:

"წმინდა მიწაზე ჩასულ ქართველებს არც კი წარმოგვიდგენია, რომ ოდესღაც იერუსალიმში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი გვეკუთვნოდა" - რა აღმოჩენის შესახებ ჰყვება გიორგი ლობჟანიძე?

"წმინდა მიწაზე ჩასულ ქართველებს არც კი წარმოგვიდგენია, რომ ოდესღაც იერუსალიმში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი გვეკუთვნოდა" - რა აღმოჩენის შესახებ ჰყვება გიორგი ლობჟანიძე?

ექიმი, მედიცინის დოქტორი გიორგი ლობჟანიძე ძველი რუკების კოლექციონერი და მკვლევარიცაა, მას ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი წიგნიც აქვს გამოცემული.

ამჯერად იგი მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას, რომელთა შესახებ მხოლოდ სამეცნიერო წრეებშია ცნობილი და წუხილს გამოთქვამს, დღეს რომ წმინდა მიწაზე ჩასულმა ქართველებმა არც კი ვიცით, იქ რა გვეკუთვნოდა და თითოეული ჩვენთაგან რომ ამით უნდა ვამაყობდეთ.

- წმინდა მიწაზე ტურისტად ჩასულ ქართველებს დღეს ნაკლებად წარმოგვიდგენია, რომ ოდესღაც იერუსალიმში და მის შემოგარენში, ცნობილი ჯვრის მონასტრის გარდა, კიდევ 20-ზე მეტი ეკლესია - მონასტერი გვეკუთვნოდა. მათი ნაწილი დღეს აღარ არსებობს, ნაწილი კი სხვა ქრისტიანულ კონფესიებს აქვთ მისაკუთრებული. ეს ეკლესია-მონასტრები კარგად არის ცნობილი სამეცნიერო წრეებისთვის, თუმცა რიგითი ქართველებისთვის, ეს ადგილები დღესაც მიუწვდომელია - არც ადგილობრივი ტურისტული მარშრუტები არსებობს მათ მოსანახულებლად და არც აბრები გვამცნობს მათ ისტორიულ კუთვნილებას.

- მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ უფრო მეტი რომ გვითხრათ...

- ტერა სანკტას (ლათ. წმინდა მიწა) მუზეუმი მდებარეობს იერუსალიმში, ფრანცისკანელთა მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც ადრე მდებარეობდა იოანე ნათლისმცემლის ქართული მონასტერი. ფრანცისკანელები აქ 1559 წელს მოვიდნენ და როგორც ისტორიული წყაროებით არის ცნობილი, ოსმალეთის სულთნის ნებართვით იყიდეს ეს ტერიტორია ქართველებისგან, რადგან მონასტერი მიტოვებული იყო (თუმცა, იმ მომენტისთვის მონასტერში ჯერ კიდევ იმყოფებოდა 3 ქართველი მონაზონი).

ფრანცისკანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ არ უცდიათ ქართული კვალის წაშლა, პირიქით, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის და შესწავლის პროცესში. აღნიშვნის ღირსია აქ მოღვაწე ღვთისმსახური და არქეოლოგი ვირჯილიო კორბო, რომელმაც აღმოაჩინა ბირ ელ-ყუტის ქართული მონასტრის უძველესი წარწერები.

ტერა სანკტას - მას მე-19 საუკუნეში იმდენად დიდი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომ აღარაფერი დარჩა ძველი შენობისგან

ეს არტეფაქტები დღეს ტერა სანკტას მუზეუმში ინახება. ფრანცისკანელთა პერიოდში მონასტერმა არაერთი რეკონსტრუქცია განიცადა და საბოლოო სახე მე-19 საუკუნეში მიიღო. ქართული მონასტრის არაერთი ქვა ჩართულია ახალი შენობის წყობაში, ან ჩატანებულია საძირკველში. აღნიშნულ არტეფაქტებს მონასტრის ღვთსმსახური და მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციის ხელმძღვანელი, ეუჯენიო ალიატა იკვლევს.

ერთ-ერთი სტატია ჯვრიანი კაპიტელების აღმოჩენას ეხება, რომელსაც ალიატა სავსებით მართებულად, ქართულად მიიჩნევს და იგივე აზრი აქვს 5 ჯვრიანი კომპოზიციის ამსახველ ბარელიეფთან დაკავშირებით, რომელიც ამავე კომპლექსში, წმინდა ელენეს ეზოში გვიანდელ კედელშია გამოყენებული, როგორც მეორადი სამშენებლო მასალა.