89 წლის ასაკში გარდაიცვალა გივი თოიძე - ქართველი მხატვარი, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი, თბილისის საპატიო მოქალაქე და რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გივი თოიძემ 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, რომლის პროფესორიც წლების განმავლობაში იყო.
მხატვრის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ზამთარი“, სერია მოგზაურობის თემებზე – „მეთევზეები“, „ხევსურეთი“, „მთათუშეთი“, ქალაქური პეიზაჟები – „ძველი თბილისი“ და „ნარიყალა“. გივი თოიძის ნამუშევრები დაცულია არაერთ მუზეუმში, კერძოდ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი) და პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია). გივი თოიძის ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკისა და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.