აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა ყველაფრისთვის "რაც არ უნდა მოხდეს". ამის შესახებ ბაიდენმა თეთრი სახლიდან რუსეთ-უკრაინის კრიზისზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
"ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელ ევროპაში და ჩვენ მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის, რისი შესაძლებლობაც ჯერ კიდევ ძალიან დიდია. ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა და რჩება ახლაც“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთთან "დიპლომატიის სივრცე არის", რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს კონფლიქტი ევროპაში.
საკუთარ გამოსვლაში ბაიდენმა დაასახელა ის სფეროები, სადაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შეუძლიათ გააგრძელონ საუბარი..
ბაიდენის თქმით, მან ისაუბრა პრეზიდენტ პუტინთან გასულ შაბათ-კვირას და ცხადყო, რომ აშშ მზადაა "განაგრძოს მაღალი დონის დიპლომატია" რუსეთთან "წერილობითი ურთიერთობის" მოლაპარაკების მიზნით.
"გუშინ რუსეთის მთავრობამ საჯაროდ გააკეთა დიპლომატიის გაგრძელების წინადადება. ვეთანხმები", - თქვა ბაიდენმა.
მან დასძინა, რომ "დიპლომატიას უნდა მივცეთ წარმატების ყველა შანსი".
ბაიდენის განცხადებით, მას სჯერა, რომ არსებობს გზები "უსაფრთხოების შესაბამისი პრობლემების გადასაჭრელად“.
"შეერთებულმა შტატებმა მაგიდაზე წამოაყენა კონკრეტული იდეები ევროპაში უსაფრთხოების გარემოს დასამყარებლად. ჩვენ ვთავაზობთ შეიარაღების კონტროლის ზომებს, ახალი გამჭვირვალობის ზომებს, ახალი სტრატეგიული სტაბილურობის ზომებს", - აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა: "თუმცა აშშ არ გაწირავს ძირითად პრინციპებს“.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, დიპლომატია "ყველა მხარისთვის საუკეთესო გზაა".
"ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციით“, - განაცხადა ბაიდენმა.
"სანამ არსებობს დიპლომატიური რეზოლუციის იმედი, რომელიც ხელს შეუშლის ძალის გამოყენებას და თავიდან აიცილებს წარმოუდგენელ ადამიანურ ტანჯვას, რომელიც მოჰყვება, ჩვენ ამას მივაღწევთ“, - დასძინა ბაიდენმა.
პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში უახლოეს დღეებში ან კვირებში, "მას შეხვდება აბსოლუტური საერთაშორისო გმობა".
”ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანია. თუ რუსეთი შეიჭრება მომდევნო დღეებსა და კვირებში, უკრაინისთვის ადამიანური ღირებულება იქნება უზარმაზარი. ასევე დიდი იქნება რუსეთისთვის სტრატეგიული ღირებულება. თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, მას საერთაშორისო დაგმობა მოჰყვება. მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია უაზრო სიკვდილი და ნგრევა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოვლისას.
მისივე თქმით, დღეს აშშ, ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანები არიან.
"უკრაინაში შეჭრა აღმოჩნდება როგორც თვითმიყენებული ჭრილობა. შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მტკიცედ უპასუხებენ. დასავლეთი ერთიანია. დღეს აშშ, ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები არიან ერთიანები, როგორც არასდროს", - ამბობს ბაიდენი.