ავტორი:

"ინფორმაცია, თითქოს ბრალდების მხარე მოწმეზე ზეწოლას ახორციელებდა, სიცრუეა" - რას ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორი

"ინფორმაცია, თითქოს ბრალდების მხარე მოწმეზე ზეწოლას ახორციელებდა, სიცრუეა" - რას ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორი

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, დღეს დაკითხული მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ბრალდების მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა, სიცრუეა.

როგორც გურული განმარტავს, ეს თუ სიმართლეს შეესაბამებოდა, მოწმეს აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე უნდა განეცხადებინა.

"დღეს წარმოდგენილი იყო ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მეზობლად მცხოვრები პირი, რომელმაც სასამართლოზე გარკვეული ინფორმაცია განაცხადა ბრალდების მხრიდან შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია, თითქოს, ბრალების მხარე რომელიმე მოწმეზე ზეწოლას ახორციელებდა. აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ამ დრომდე აღნიშნულის თაობაზე არც ერთ პირს არ განუცხადებია და მხოლოდ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, თითქოს ბრალდების მხარე ზეგავლენას და ზეწოლას ახორციელებდა.

სასამართლო გამოიკვლევს მტკიცებულებებს, ის შეაფასებს, რომელი მოწმე აწვდის სასამართლოს სიმართლეს და რომელი მოწმე აწვდის ცრუ ინფორმაციას. ამ მოწმისგან ბრალდების მხარე იმ ინფორმაციას ითხოვდა, რაც მისთვის ცნობილი იყო. საერთოდ, მსჯელობას და ლოგიკას მოკლებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიმე მხარეს რატომ უნდა განეხორციელებინა მოწმის მიმართ რამე ტიპის იძულება, ან ზეწოლა, ეს არის ცრუ ინფორმაცია“, - განაცხადა გურულმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში სასამართლოში დაზარალებულ ნელი დოროყაშვილს დაკითხავენ.

"ჩვენებების შინაარსში ბრალდების მხარე არ შევა, თუმცა, აღნიშნავს, რომ იმ მომენტზე და პერიოდზე, როცა ნელი დოროყაშვილი გადაადგილდებოდა ავტომანქანით, დავკითხავთ სხვა მოწმესაც, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს, თუ რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული, უშუალოდ ძალადობის განხორციელების შემდეგ და სასამართლო შეაფასებს, რომელი მოწმე ამბობს სიმართლეს და რომელი ცრუობს სასამართლოს წინაშე. მალე ბრალდების მხარე დაკითხავს დაზარალებულს, გამოიკვლევს ყველა სხვა მტკიცებულებას, ვიდეოჩანაწერს, უშუალოდ ძალადობიდან ხანმოკლე დროში გადაღებულ ვიდეოჩანაწერს. ამ მტკიცებულებების საფუძველზე უკვე სასამართლო შეაფასებს ბრალდებულის ბრალდებას“, - განაცხადა გურულმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.