"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადებები სამართლიანი და ობიექტური არ არის.
როგორც კობახიძე განმარტავს, ევროკავშირის ელჩის განცხადებები 3 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტასა და ინსპექტორის სამსახურზე საინტერესო არ არის.
"არცერთი მათგანი არ არის სამართლიანი და ობიექტური. სწორედ ამიტომ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ობიექტური შეფასება, მათ შორის, კრიტიკული. სადაც არ არის სამართლიანობა და ობიექტურობა, ჩვენ ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ განცხადებებს“, - აღნიშნავს კობახიძე.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ 3 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, "პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა“. ამასთან, ისაუბრა პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ ვერ ხედავენ ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს. ჰარცელის შეფასებით, "უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს ვალდებულებებად რჩება“.