"ახალი კვირის" ყოფილი წამყვანი იმედა დარსალია ამბობს, რომ წლების განმავლობაში გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან ჩარევები ხდებოდა.
როგორც ის განმარტავს, იყო ე.წ. შავი სიები, სადაც მითითებული იყო, ვისი ჩაწერა შეეძლოთ ჟურნალისტებს და ვისი - არა.
ასევე დარსალია ამბობს, რომ ხდებოდა თემების დაბლოკვა და გარკვეული პერიოდი გადაცემიდან პოლიტიკის მიმართულება მთლიანად იყო ამოღებული.
"გადაცემას ცენზურასთან და სარედაქციო პოლიტიკასთან ჰქონდა სერიოზული პრობლემა. მე 2 წლის განმავლობაში ვცდილობდი ყველა რგოლთან მემუშავა, რომ პრობლემებო მომეგვარებინა.
საბოლოო ჯამში მივიღე ის, რომ ეთერიდან გამიშვეს და გადაცემას ფორმატი შეუცვალეს. იყო თემების დაბლოკვის მცდელობები და ჩვენი გუნდი თითქმის სულ ვახერხებდით, რომ ეს თემები მაინც ეთერამდე მიგვეტანა.
ამას პირველად ვამბობ, საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები... ანუ ვინ უნდა ჩაეწერა ჟურნალისტს და ვინ - არა. ეს მოთხოვნები მოდიოდა შიდა მენეჯმენტისგან. ეს პრობლემები ერთი პერიოდი არხის დირექტორის ჩარევით მოვაგვარეთ. წარმოიდგინეთ, 2 წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში პოლიტიკა ოფიციალურად იყო აკრძალული. თუმცა არხის დირექტორის ჩარევის შემდეგ პოლიტიკა დაბრუნდა და ეს იყო მცირე, მაგრამ კარგი პერიოდი "ახალი კვირის" გუნდისთვის. შემდეგ ისევ ის დაბრუნდა - ცენზურა" - ამბობს დარსალია.
მისი თქმით, გადაცემიდან წასვლის შესახებ მას თათბირზე, 28 დეკემბერს უთხრეს.
"რაც შეეხება გადაცემის ფორმატის შეცვლას, თათბირზე გვითხრეს, რომ მე გადაცემის წამყვანი არ ვიქნებოდი და გადაცემა არსებული ფორმატით ეთერში გასვლას შეწყვეტდა. მიზეზი გვითხრეს, რომ გადაცემამ არ ფორმატით თავი ამოწურა, თუმცა ვერ გავიგე მე რატომ უნდა წავსულიყავი ეთერიდან" - აღნიშნა დარსალიამ "ტვ პირველის" ეთერში.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალი კვირა" ფორმატს იცვლის. ბოლო გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 26 დეკემბერს გავიდა.