"რაზეც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, იგივე აქვს ბიძინა ივანიშვილს გაკეთებული", - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი ღია წერილი.
ნიკა მელიას განცხადებით, ამ დოკუმენტს ახლა გრიფი "საიდუმლო“ ადევს და საზოგადოებამ არ იცის.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, სადაც ადამიანები, განათლებული მოქალაქეები ცხოვრობენ, იმის მტკიცება არის საჭირო, რომ ქვეყნის პრეზიდენტს შეწყალების ექსკლუზიური უფლება აქვს, ვისაც არ უნდა იწყალებდეს და ამის გამო შენ გასამართლებენ. ძალიან სამწუხაროა, რომ იმის მტკიცება გვიწევს, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან,იგივე აქვს ბიძინა ივანიშვილს გაკეთებული. უბრალოდ, იმ დოკუმენტს ახლა გრიფი "საიდუმლო“ ადევს და საზოგადოებამ არ იცის. მიკვირს და ვისურვებდი, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს ეს კითხვის ნიშნები "ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვისაც მოეხსნა. "ქართული ოცნების“ პროპაგანდა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სახეზეა. რატომ არ იხსნება, როდესაც შეგიძლია ნათელი მოჰფინო ამ საქმეს და ვნებათაღელვა მცირეოდენით მაინც ჩაახშო. სამწუხაროა, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ დგამს. ვიმედოვნებ, ადრე, ვიდრე, გვიან იგი ამ ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, გრიფი "საიდუმლო“ მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს.
სააკაშვილის წერილი მის "ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას შესაწყალებელი არაფერი აქვს, თუმცა ზურაბიშვილს შეუძლია "არა სიტყვით, არამედ საქმით დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან იხსნას“.