"ჩემი გული არის უკრაინაში. იქ რომ ვიყო ახლა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში ვიდგებოდი, იმიტომ, რომ ახლა, ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან მიმართებით მაშინ ხალხმა მას ვერდიქტი გამოუტანა.
"რაც არ უნდა შთაგაგონონ, უიმედობა, ეს მოგონილი პროცესები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საკითხზე ქართველმა ხალხმა ვერდიქტი გამოიტანა. როგორ შეუძლია მოსამართლეს, პროკურორს და სხვას, გამოიტანოს ვერდიქტი იმაზე, რომელზეც მაშინ, ჯერ კიდევ 4,5 - მილიონიანმა საქართველომ ვერდიქტი გამოიტანა. ეს ვერდიქტი იყო ის, რომ ხალხმა ხელახლა ამირჩია საქართველოს პრეზიდენტად და შემდეგ ჩვენ საქართველო დავიცავით რუსეთის აგრესიისგან.
მე, ამ შუშის უკან ვდგავარ იმიტომ, რომ ჩვენ არ ჩავაბარეთ თბილისი, იმიტომ, რომ როდესაც გზა ხსნილი იყო და გვეუბნებოდნენ, ოჯახს ხელი მოკიდე და გაიქეცი შენს არარსებულ ანგარიშებთან შვეიცარიის ბანკში, ჩვენ ვთქვით, რომ ვრჩებით და ამ ჰიბრიდულ და ნამდვილ ომში არ ვიქნებით დამარცხებულები. დღეს, ყველა ახსენებს უკრაინა-საქართველოს მაგალითს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის იმპერიამ ცხვირი წაიტეხა. ის, ახლა, საბოლოოდ დასამარდება ჩვენი, ჩემი უკრაინის ტერიტორიაზე. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩემი გული არის იქ. იქ რომ ვიყო ახლა და თქვენ იცით, ისინი ჩემს გადაცემას ითხოვენ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში მე თვითონ ვიდგებოდი, იმიტომ, რომ ახლა, ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება. ყველაფერი დანარჩენი გაიფანტება, როგორც გუშინდელი ნისლი და საქართველო აუცილებლად იქნება გამარჯვებული, გვიყვარს ეს სიტყვა - აუცილებლად გაბრწყინებული და აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ყველა სიღატაკის, უბედურების გადალახვას, რა თქმა უნდა, აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას, ჩვენ ანაკლიას. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს მიმართა. სააკაშვილმა შეაქო ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას თავისი ღირებულებები ყველას შეახსენა.
"მივმართავ უკრაინელ ხალხს, მე პუტინის პატიმარი ვარ. ჩემო საყვარლებო, ჩემი სახლი კიევია, ძალიან მენატრებით და ვდარდობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი თქვენთან შემოსვლას ვერ გაბედავს, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დროს განაცხადა. პუტინს საკმარისად კარგად ვიცნობ და ვხვდები, რა თამაშს თამაშობს. ის ვერც კიევსა და უკრაინის ვერც სხვა დიდ ქალაქში შესვლას გაბედავს. ამაში დარწმუნებული ვარ და არ შეგეშინდეთ, ვიცი, რომ არ გეშინიათ და ყოჩაღ თქვენ. მეც ვისურვებდი, რომ ჩემს სახლს თქვენთან ერთად ვიცავდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ომს არ დავუშვებთ. თუკი ის მაინც შემოვა, ეს იქნება რუსეთის იმპერიის დასასრული. 2014 წელს, როდესაც უკვე ახალი ექს-პრეზიდენტი ვიყავი, კიევში, მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას ვთქვი, რომ რუსეთის იმპერია დასრულდება აქ, კიევში და ის დასრულდება კიდეც უკრაინაში. ჩვენ, უკრაინელები ვართ დასავლური ცივილიზაციის ფორტპოსტი. ქართველი და მოლდოველი ხალხი, პოლონელები, ბალტიისპირელები, ყველა თქვენზე არის დამოკიდებული. ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს უკრაინის დროშა, რომლის ტარებასაც ციხეში მიკრძალავენ, მხოლოდ სასამართლო პროცესზე შემიძლია დავიჭირო. ყველას მინდა ვუთხრა - დიდება უკრაინას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, დამიჯერეთ, მე უდიდესი გამოცდილება მაქვს. ის (პუტინი) ახლა მაიმუნობს და 2008 წლის საქართველოს მოვლენებს აკოპირებს. თუ სწორად მოვიქცევით, დიდი ომი არ შედგება.
ყოჩაღ პრეზიდენტ ზელენსკის. 2007 წელს, პუტინი ყველა დასავლური ღირებულების წინააღმდეგ წავიდა, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკიმ თავისი ღირებულებების შესახებ ყველას შეახსენა. მივესალმები ყველას - უკრაინელ ხალხს, გმირ უკრაინულ არმიას, რომელშიც, სხვათა შორის, უამრავი ქართველია. მივესალმები ოდესის 27-ე ბრიგადის მებრძოლებს, ვისთან ერთადაც ბრძოლის წინა ხაზზე არაერთხელ ვიყავი. მივესალმები მარიუპოლის მცველებს - სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი თქვენთან ერთად. ვიცი, რომ მტერი თქვენ ვერ გაგცდებათ და ზოგადად მტერი ვერ გაგვცდება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, დიდება უკრაინას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მან დარბაზში მყოფებს, ვინც მხარდასაჭერად მივიდნენ, მადლობა გადაუხადა.
"მე დღეს არავისთან ვაპირებ ჩხუბს, სენსაციებს, მაგრამ დღევანდელი დღიდან ვიმყოფები სრულ შიმშილობის რეჟიმში. ეს არის ჩემი სიცოცხლით შენატანი საქართველოს უკეთეს მომავალ დღეში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აღნიშნული განცხადების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო დროშას აკოცა.