"სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
ექსპრეზიდენტი განცხადებაში შიმშილობის გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამას "აკეთებს შეგნებულად“.
"ჩემი ჰოლანდიელი ექიმი, დომინიკ ვურჰაგენი მწერს: "კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა. ეს გამოიწვევს უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმს, ელეტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც, თავის მხრივ, ქსოვილოვან და უჯრედოვან დონეზე უკვე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება".
ეს იმიტომ დავდე აქ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ არ ვიცი, რაზე მივდივარ. მე ამას ვაკეთებ შეგნებულად, რათა ყველა, ვინც ფიქრობს - "ხალხისთვის მაინც არავინაა", "ყველა მარტო გამორჩენაზეა", "ეს ქვეყანა მაინც ყველას ფეხზე კიდია" და სხვა რუსულ-ჭორვილური მითი დავამსხვრიო და თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად, დაგანახოთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ ბოლომდე შევეწირო.
დაე, ვინმეს ეს პათეტიკურად და ძველმოდურად ეჩვენებოდეს. თუ ხედავ, რომ ადამიანებს, რომელთაც გინდა დაეხმარო, ჩაუნერგეს, რომ მათთვის მაინც არავინაა, ზოგჯერ ასეთი რამის გაკეთება ხდება აუცილებელი. ცნობისთვის, მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე.
ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს. სპეციალურად დაელოდნენ მისი სიმპტომების გაღრმავებას და ჯერ დაინვალიდებას და შემდეგ პრაქტიკულად მკვდარი დააბრუნეს გორში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს უვადო შიმშილობა გამოაცხადა.