საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სანქციები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს დაეკისრა "უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული“.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთს ომს გარეშე უნდა შევაგნებინოთ, რომ მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი გადასახდელი ექნება.
"დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, მე არ განვსხვავდები იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით, ასევე ამერიკელი პარტნიორების სანქციების კუთხითაც. როდესაც დემოკრატიული ქვეყანაა და არ პასუხობ აგრესიას, ალბათ, ეს შეიძლება ვიღაცამ, აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა სიცოცხლე. სწორედ ეს იქცევა სისუსტის საგნად. მიმაჩნია, რომ სანქციები, რომელიც დაწესდა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული. მაგრამ ეს არის სიგნალი, რაც მომავალში მოხდება. ეს სანქციები ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, რაც აქამდე გვინახავს. თუ რამე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან - 2008 წლის საქართველოში შემოსვლის და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, ის გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც იმ ეტაპზე გააჩნდათ. ამის ფასი რუსეთს სრულად არ ჰქონდა გადახდილი, ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ გვაქვს დღეს ეს გამოწვევა. ომის გარეშე როგორ შევაგნებინოთ რუსეთს, რომ მას მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი ექნება გადასახდელი? რა არის მექანიზმები? - ეს არის სანქციების მთელი რიგი, რომელიც გარკვეულ ფორმას უზრუნველყოფს და შედეგსაც გამოიღებს. არსებობს დასავლეთის ქვეყნებში გამოცდილება, როდესაც სანქციები დაწესდა და მან შედეგი მოიტანა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა კითხვაზე: უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს? უპასუხა, რომ ეს საკითხი პარტნიორებთანაა გასავლელი.
"მე არ ვიცი რა იქნება სანქციების ხასიათი და რას გადაწყვეტს მთავრობა, მაგრამ ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ. სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თავის წილს უკვე დებს ამაში, რადგან ორი რეგიონია ოკუპირებული. ჩვენი რეაგირება ამ სიტუაციაზე ხდება, ჩვენი მოქალაქეების თავს გადადის ეს ყველაფერი საზღვრისპირა რეგიონებში. ჩვენ ეს უნდა დავაბალანსოთ. ჩვენ უნდა ვიკისროთ სრულად პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამიტომ ეს საკითხები პარტნიორებთან არის გასავლელი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.