ავტორი:

საქართველოს რაგბის კავშირს უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსი ააღებინეს, თუმცა ქართველი გულშემატკივარი რუსებს უკრაინის დროშებით დახვდება

საქართველოს რაგბის კავშირს უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსი ააღებინეს, თუმცა ქართველი გულშემატკივარი რუსებს უკრაინის დროშებით დახვდება

საქართველოს რაგბის კავშირმა, რუსეთის ნაკრებთან მატჩის წინ, უკრაინულ ენაზე დაწერილი და სოციალურ ქსელში გავრცელებული, წინასამტჩო ანონსი რამდენიმე საათში წაშალა. ეს მას მერე მოხდა, რაც საქმეში ევროპის რაგბის კავშირის ჩაერია. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს რაგბის კავშირს, რომ არ ეთანხმება თამაშის წინ ასეთი სტრატეგიის არჩევას და ანონსის შეცვლა სთხოვა.

რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესატაშე ანტონ ხალიზოვის თქმით, ისინი ანონსის გავრცელებისთანავე დაუკავშირდნენ ევროპის რაგბის კავშირს.

"ევროპის რაგბის კავშირმა დაგვიდასტურა, რომ ასეთი აფიშის გავრცელება დაუშვებელია, რადგან ის არღვევს რეგლამენტს. მათგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირს სთხოვეს ანონსის წაშლა“, - განუცხადა მან რუსულ სააგენტოებს.

საქართველოს რაგბის კავშირმა ბორჯღალოსნებსა და რუსეთის ნაკრებს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩის ანონსი სოციალურ ქსელში უკრაინულ ენაზე 22 თებერვალს გაავრცელა და ასე გამოხატა პროტესტი რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში.

საქართველოს ნაკრები რუსეთს კვირას, 18:00 საათზე თბილისის "დინამოარენაზე“უმასპინძლებს. მომავალ თამაშს ქომაგები განსაკუთრებული ინტერესით ელიან. სავარაუდოდ, მომავალი თამაში წინა შეხვედრებზე ბევრად დაძაბული იქნება. რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარების გამო, ქართველი გულშემატკივრების ნაწილი საქართველოს ნაკრების უკრაინის დროშით ქომაგობას გეგმავს.

"ევროპულმა საქართველომ" სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

"27 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს რაგბის მატჩის დროს რუსეთის სახელმწიფო ჰიმნს უკრაინისა და საქართველოს დროშებით ვუპასუხებთ", - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ნონიაშვილმა. მისი თქმით, დროშებს "ევროპული საქართველო" ყველა მსურველს სტადიონის შესასვლელში დაურიგებს.