ავტორი:

პროკურორის მტკიცებით, ნიკა გვარამიას შეკითხვების შეეშინდა - როგორ განმარტავს თვითონ გვარამია დაკითხვაზე უარის თქმას?

პროკურორის მტკიცებით, ნიკა გვარამიას შეკითხვების შეეშინდა - როგორ განმარტავს თვითონ გვარამია დაკითხვაზე უარის თქმას?

თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას, "რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმის სახით ნიკა გვარამია უნდა დაკითხულიყო, თუმცა მან დაკითხვაზე უარი განაცხადა.

აღნიშნული საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეეშინდა იმ კითხვების, რომლებიც მის ქმედებებთან დაკავშირებით ობიექტურად არსებობდა და გაექცა პასუხებს, რომელიც მას დანაშაულის ჩადენაში ამხელდა.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო ბრალდებული ნიკა გვარამია, თუმცა მან გამოიყენა უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება. ამას ჩვენ შევაფასებთ დასკვნით სიტყვებში და შეგვიძლია ახლაც ვთქვათ, რომ მას შეეშინდა იმ კითხვების, რომლებიც ობიექტურად არსებობდა მის ქმედებებთან დაკავშირებით და გაექცა პასუხებს, რომელიც მას ამხელდა დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარე მზად არის დასკვნითი სიტყვით წარდგენისთვის და იმედია, ორშაბათისთვის დაცვის მხარეც მოემზადება დასკვნითი სიტყვისთვის”, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

ამასთან, ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოძიების ყველა კითხვის პასუხი გაცემული აქვს და ამ პროცესის ხელახლა გავლას არ აპირებს.

"ბრალდების მხარეს ვაძლევ სრულ თავისუფლებას გამოიყენოს აქამდე მოსმენილი ყველაფერი, ისე როგორც თავად სურს. გვიწევს ამ უზარმაზარი საქმის შემაჯამებელი სიტყვა ვთქვათ 2 დღის მომზადების პირობებში, 60-მდე მოწმეს უნდა მოვუსმინო და 50-გვერდიანი დოკუმენტი მაინც უნდა იყოს. 28 თებერვალს მოვალ და არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს, რომ შემაჯამებელი სიტყვა ვთქვა, შესაბამისად, არც ამ უფლებას გამოვიყენებ”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.