სუპერმარკეტების მეპატრონეებს მილიონი დოლარი "შეაწერეს"

სუპერმარკეტების მეპატრონეებს მილიონი დოლარი "შეაწერეს"

"როგორც კი არჩევნებმა ჩაიარა, მერია და საკრებულო დაკომპლექტდა, ნაციონალები გარე მოვაჭრეებსაც დაერივნენ და სუპერმარკეტებსაც, - მათ უზარმაზარი ხარკი "შეაწერეს" და არა მარტო მათ.

ეს მოსალოდნელიც იყო, აბა, არჩევნების ჩატარება-გაყალბებაზე დახარჯულ მილიონებს ამოღება არ უნდა?"- განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა:

- ხელისუფლება ყველა ბნელ საქმეს აგვისტოში აკეთებს. მათ დიდი სუპერმარკეტების მეპატრონეები დაიბარეს და, ქსელის სიდიდის მიხედვით, ხარკად მილიონ-მილიონი დოლარი "შეაწერეს", - 6 თვეში ერთხელ მოიტანთო, უთხრეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს "ინიციატივა" მათ შსს-ს წარმომადგენლებმა წარუდგინეს. მეპატრონეებმა დაიწუწუნეს და უთხრეს, ამდენის გადახდა არ შეგვიძლიაო.

მიზეზად ის დაასახელეს, სუპერმარკეტების წინ გარე მოვაჭრეები სხედან, გაცილებით იაფად ყიდიან იმავე პროდუქტს, რაც ჩვენთან იყიდება და მყიდველს ჩვენამდე არ უშვებენო. შეჰპირდნენ, ამ პრობლემას ჩვენ მოგიგვარებთო. შემდეგ იცით, რაც მოხდა. სასტიკად დაარბიეს გარე მოვაჭრეები, სცემეს შავოსან დედებს, დევნილებს, რომლებიც ლუკმაპურს ამ გზით შოულობდნენ, ცემა-ტყეპით აყარეს ისინი, ბოლოს კი მიიღეს ნორმატული აქტი, რითაც გარევაჭრობისთვის შვიდდღიანი პატიმრობა დააწესეს.

- ოფიციალური ვერსიით, მერიამ ეს ზომები ქალაქში ანტისანიტარიის აღმოსაფხვრელად მიიღო..

- ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ხალხზე ზრუნვის საფარველში ხვევს ყველა მოქმედებას და ამიტომაც თქვეს, ქალაქში ანტისანიტარიააო. ანტისანიტარია არ იყო ადგილობრივი არჩევნების წინ? როცა არჩევნები ჩამთავრდა, მერე დაიწყო ანტისანიტარია? მინდა, დიდი საყვედური ვუთხრა გარე მოვაჭრეებს.

რაც მოხდა, გარკვეულწილად, ეს გარე მოვაჭრეების "დამსახურებაც" არის. ამ ადამიანებს დაჰპირდნენ, რომ არ შეეხებოდნენ და არჩევნებზე მხარდაჭერა სთხოვეს. ისინიც მოტყუვდნენ, უკვე მერამდენედ არ დაგვიჯერეს, წავიდნენ და ხმა "ნაცებს" მისცეს. როგორც კი თავისი გაინაღდეს, საკრებულო და მერია დააკომპლექტეს, "ნაციონალები" გარე მოვაჭრეებსაც დაერივნენ და სუპერმარკეტებსაც.

- სუპერმარკეტებში ფასების ზრდაც ამით ხომ არ არის განპირობებული?

- რა თქმა უნდა, მათ უზარმაზარი ხარკი შეაწერეს და გაზრდიდნენ ფასებს, აბა, რას იზამდნენ. ჩვენ უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, რომ მათ ნამდვილად შეაწერეს ფული. მეტსაც გეტყვით, "ბიგ-ბენის" ქსელის ხელმძღვანელი ქარსელაძე იმ დროს თბილისში არ იმყოფებოდა. შეკრებას მისი ერთ-ერთი მოადგილე ესწრებოდა, რომელმაც მათ წინადადებაზე უარი განაცხადა, უთხრა, "ბიგ-ბენის" ქსელი სულ ორი თუ სამი სუპერმარკეტისგან შედგება და ჩვენ ამდენი ფულის გადახდას ვერ შევძლებთო.

ამის შემდეგ ეს ადამიანი დააპატიმრეს. "ბიგ-ბენის" მფლობელი ვიდრე არ დაითანხმეს, რომ ფულს მიიტანდა, მისი მოადგილე ციხეში ჰყავდათ ჩამწყვდეული. ამის შემდეგ მფლობელები იძულებულნი გახდნენ, პროდუქტებზე ფასები გაეზარდათ. ჯერ საბაჟოებზე წეწავენ შემომტანებს, შემდეგ კი სუპერმარკეტებს ადგებიან, ამიტომაც იწევს და იწევს ფასები ზემოთ.

გარე მოვაჭრეები ბაზრებში შერეკეს ნახირივით და იმხელა გადასახადი დაუწესეს, რამდენიც ყოველდღიური მოგება ჰქონდათ.

- ბატონო სოსო, ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ტოტალური "შეწერები" დაიწყო...

- არჩევნების ჩატარება და გაყალბება ჩვენს ხელისუფლებას ასეულობით მილიონი დოლარი უჯდება. ჩვენ ეს განვაცხადეთ 2007-08 წლებში, მაგრამ ბევრმა არ დაგვიჯერა. შემდეგ, როდესაც პარლამენტს ბოიკოტი გამოვუცხადეთ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მოვითხოვეთ, გამობრძანდა მიხეილ სააკაშვილი და თქვა, მე თითოეული არჩევნები მილიარდიდან მილიარდ-ნახევრამდე მიჯდებაო. ანუ, მან 500 მილიონში ისე ითამაშა, ვითომც არაფერი.

ახლა დახარჯულ თანხას ამოღება სჭირდება და ამიტომაც ხდება ყველა უკუღმართობა. "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე 300-400%-მდეა ფასები გაზრდილი მკურნალობაზე, წამლებზე, საკვებსა თუ საწვავზე. ამასთანავე, ჯარიმების სისტემაც გაამკაცრეს და ამოიღეს დიდძალი ფული. ზოგიერთი ჩვენი გულუბრყვილო მოქალაქის გასაგონად ვამბობ, რომ რასაც იძლევა "ნაცმოძრაობა", მერე ათ იმდენს უკან იღებს ჯარიმებით, ლარის გაუფასურებით, პროდუქტების გაძვირებით და ა.შ. იქნებ მოსახლეობა მიხვდეს, რომ ამათი ყოველი სიტყვა უკუღმა უნდა გაიგონ - როცა იტყვიან, საქმე კარგადააო, ესე იგი, ძალიან ცუდადაა.

2007 წლის გამოსვლების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა აკრძალა ქონების ექსპროპრიაცია, ანუ ჩამორთმევა და პარლამენტსაც მიაღებინა კანონი. ხომ  გახსოვთ, "რაც შენია, შენია"? თუმცა ახლახან ბათუმში დაერივნენ მიწებისა და სახლების მესაკუთრეებს და ქონებას ართმევენ, სანაცვლოდ გროშებს აძლევენ.

ასე წაართვეს მიწები ადლიაში ბულვარის გაგრძელების მიზნით და ახლა კი ბათუმში, - ბაგრატიონის ქუჩა უნდა შეუერთონ აეროპორტის გზას და იმ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სახლებს უნგრევენ. სააკაშვილმა განაცხადა, კონსტიტუციაში ჩავწერე, კერძო საკუთრება ხელშეუხებელიაო. რა, წინა კონსტიტუციაში ეს არ ეწერა? მოკლედ, ეს კაცი რასაც მოისურვებს, იმას აკეთებს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ