ავტორი:

"სიტუაცია ძალიან დაძაბულია, თუმცა პანიკა არ არსებობს... უკრაინელებმა პროდუქტების ნაცვლად იარაღი შეიძინეს" - რას ჰყვება ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი?

"სიტუაცია ძალიან დაძაბულია, თუმცა პანიკა არ არსებობს... უკრაინელებმა პროდუქტების ნაცვლად იარაღი შეიძინეს" - რას ჰყვება ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი?

უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, უკრაინელები რუსეთის აგრესიას მომზადებულები და პანიკის გარეშე ხვდებიან.

როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე ქვეყანაში სიტუაცია ძალიან დაძაბულია, მიმდინარეობს როგორც საავიაციო, ისე საარტილერიო თავდასხმები.

"სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ფართომასშტაბიანი ომია დაწყებული. უკრაინელები ამას ძალიან დალაგებულად ხვდებიან, პანიკა არ არსებობს. მე როგორც ვიცი, ამბობენ რომ ერთ-ერთი ბომბდამშენიც ჩამოაგდეს.

არის საავიაციო და საარტილერიო თავდასხმები. როგორც ვატყობ, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არის თანამედროვე ფართომასშტაბიანი ომი.

ვიცოდით, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნებოდა, ძალიან მოტივაციურია ჩვენთვისაც, რომ უკრაინელები ამას პანიკის გარეშე და მობილიზებული ხვდებიან. ჩვენთან, 2008 წელს უფრო ქაოტურად იყო ყველაფერი. უკრაინელებმა პროდუქტების ნაცვლად იარაღი შეიძინეს" - აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას ", - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამთენიისას განაცხადა, რომ დონბასში სამხედრო ოპერაციას იწყებს. უკრაინის სხვადასხვა ქალაქში კი აფეთქებების ხმა ისმის. რუსული ჯარები ოდესაში დაეშვნენ და საზღვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში კვეთენ. არსებული ინფორმაციით, კიევის მახლობლად მდებარე ვასილკოვსკის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.