სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა!" - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ ქვეყნის პირველი პირებიც. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია.
"ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
"ტვიტერზე" გამოეხმაურა უკრაინის მოვლენებს პრეზიდენტი და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
"ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით... სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ" - წერს ზურაბიშვილი.