ავტორი:

"შეჩერებულია ხარკოვზე შეტევა. სადღაც ათამდე რუსული საფრენი აპარატია ჩამოგდებული" - რას ჰყვება ლუგანსკში მყოფი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი?

"შეჩერებულია ხარკოვზე შეტევა. სადღაც ათამდე რუსული საფრენი აპარატია ჩამოგდებული" - რას ჰყვება ლუგანსკში მყოფი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი?

ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი, რომელიც ლუგანსკის ოლქში იმყოფება, იქ არსებულ ვითარებაზე საუბრობს. როგორც "პალიტრანიუსის" ეთერში მან განაცხადა, თითქმის ყველგან ფრონტის ხაზია და ხდება შეტევები.

ასევე მისი ინფორმაციით, რაც მთავარია, ხალხში არ არის პანიკა, ისინი საბრძოლო სულისკვეთებით არიან განწყობილი და არ აპირებენ რუსეთს შეუშინდნენ.

"ფრონტის ხაზი უკვე ყველგან არის, ცდილობენ შემოტევას, ჰქონდათ მცირეოდენი წარმატებები, მაგრამ რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან უკუაქციეს უკრაინელებმა რუსი სამხედროები და შეჩერებულია ხარკოვზე შეტევა. სადღაც ათამდე საფრენი აპარატია ჩამოგდებული.

როგორც ვიცი, არის მსხვერპლი ისეთ ადგილებში, სადაც დაბომბვები იყო. დიდი მსხვერპლი არ არის. მოსახლეობა შეშფოთებულია, მაგრამ პანიკა არ არის. მთელი გათვლა რუსეთის მხრიდან პირველ დარტყმაზე და ფსიქოლოგიურ მომენტზე იყო.

ეგონათ, გამოვარდებოდნენ უკრაინელები და იტყოდნენ, შევწყვიტოთ ომი, რა წინააღმდეგობაო... მაგრამ ეს არ მოხდა. მიდის იარაღის დარიგება და არა მარტო ტერიტორიული თავდაცვის ძალები და რეზერვისტები, მოსახლეობაც მზადყოფნაშია.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი შედეგია იმის, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა, თავზე ხელის გადასმის პოლიტიკას ვგულისხმობ. ჩვენ ქართველებს არავინ გვისმენდა, ცოტანი ვართ და... უნდა ესმოდეს ყველას, რაც დღეს ხდება, ეს ომი როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, შეცვლის მსოფლიოს მდგომარეობას" - აღნიშნა ქურასბედიანმა.