ავტორი:

"ვიდრე "ორანტა“ დგას, კიევიც იდგება!"

"ვიდრე "ორანტა“ დგას, კიევიც იდგება!"

უმძიმესი ღამე გადაიტანა კიევმა. უკრაინელებმა შეძლეს და დედაქალაქზე რუსი ოკუპანტების შეტევა მოიგერიეს.

ჩემმა მეგობრებმა კიევიდან გამომიგზავნეს კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის ახლახან გადაღებული ფოტო - ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის მუდამ ხალხმრავალი ადგილი დაცარიელებულია...

საუკუნეების წინ კი აქ მინდორი იყო და XI საუკუნის დასაწყისში, 1036 წელს, სწორედ ამ მინდორზე გაიმართა სასტიკი ბრძოლა კიევის გადარჩენისთვის. მომთაბარე ტომის - პეჩენიგების დიდი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში იაროსლავ ბრძენის ჯარის გამარჯვების შემდეგ პეჩენიგები ქალაქიდან განდევნეს.

რამდენიმე წელიწადში ზუსტად იმ ადგილას აიგო წმინდა სოფიას ტაძარი, რომელიც არის აღმოსავლეთ სლავების უძველესი ქრისტიანული ეკლესია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული პირველი ძეგლი უკრაინაში. ტაძარი მუზეუმად არის ქცეული და მასში ღვთისმსახურება ტარდება წელიწადში ერთხელ - 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რადგან იგი აშენდა როგორც გამარჯვების სიმბოლო...

წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის მთავარ საკურთხეველში, გუმბათის კედელზე, დგას XI საუკუნის ღვთისმშობლის სახელგანთქმული მოზაიკის ხატი, რომელსაც ცისკენ ლოცვით აღმართული ხელების გამო მეცნიერებმა "ორანტა“ უწოდეს. ხალხმა კი "ორანტას“ ღვთისმშობელს ჯერ კიდევ კიევის რუსეთის არსებობის ხანიდან მოყოლებული, "ურღვევი კედელი“ შეარქვა.

უკრაინელები ამბობენ, რომ კიევის წმინდა სოფიას მთავარ მოზაიკაზე ღვთისმშობლის სამოსის ბევრი დეტალი უკრაინულია. ხატზე უკრაინული საქორწილო ატრიბუტების მთელი ნაკრებია, რაც უკრაინულ ხალხურ საქორწილო ტრადიციას უკავშირდება და მსგავსი რამ რუსებს არც არასდროს ჰქონიათ.

ხალხი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს - "ორანტას“ უწოდებს, ქალაქისა და ქვეყნის მცველს, "ურღვევ კედელს“, რომელიც იცავს პატიოსან და კეთილ ადამიანებს უბედურებისგან და ყოველგვარი ბოროტებისგან, ეხმარება ყველას ჭეშმარიტი გზის პოვნაში და სულიერად ანათლებს, იცავს მტრების ბოროტი ზრახვებისგან...

"ორანტას“ ხატის ძალა იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია დაიცვას ქვეყნები მტრის თავდასხმებისგან, ტყუილად კი არ არის მასზე ზეცის დედოფალი მთელი თავისი დიდებულებითა და ძალით წარმოჩენილიო!

უკრაინელებს ღრმად სწამთ: ვიდრე "ორანტა“ დგას, კიევიც იდგებაო!!!

ავტორი: ირმა ხარშილაძე