ავტორი:

"ეს ყოველგვარ ბოროტებას სცდება" - რუსმა სამხედროებმა ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრს ცეცხლი გაუხსნეს (უმძიმესი კადრები)

"ეს ყოველგვარ ბოროტებას სცდება" - რუსმა სამხედროებმა ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრს ცეცხლი გაუხსნეს (უმძიმესი კადრები)

რუსმა სამხედროებმა ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრს ცეცხლი გაუხსნეს. უმძიმესი კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მელიტოპოლის არეალშია გადაღებული.

რუსებმა, თავდაპირველად, ცეცხლი საავადმყოფოს შემოგარენში გააჩინეს, მოგვიანებით კი თავად შენობაში დაფიქსირდა აფეთქება. ადგილი მაშინვე ცეცხლის ალში გაეხვია, თავად ონკოლოგიური ცენტრი კი უამრავი ტყვიით დაცხრილული დარჩა.

სხვა ადგილები, რომლებიც რუსების სამიზნეა, მოიცავს ბავშვთა სახლსა და სკოლას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ "ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს:

"პუტინმა ეს მასიური და აგრესიული ომი ევროპაში ჯერ კიდევ მძვინვარე პანდემიის დროს წამოიწყო. ამას გარდა, ახლა უკვე უკრაინის საავადმყოფოებს ბომბავს. "ეს ყოველგვარ ბოროტებას სცდება".

მან დაამატა, რომ ერთადერთი მორალური არჩევანი, რომელიც ახლა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის უკრაინის გვერდში დგომა და მათი მხარდაჭერა: "დღევანდელი თავდასხმები საბავშვო ბაღსა და ბავშვთა სახლზე არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების დარღვევა".

დმიტრო კულებას თქმით, ისინი გენერალურ პროკურატურასთან ერთად აგროვებენ ფაქტებს და მათ ჰააგაში გაგზავნას დაუყოვნებლივ აპირებენ: "გარდაუვალია, რომ რუსეთს პასუხი მოეთხოვება ამ ყველაფრისთვის".

მონაცემების მიხედვით, ონკოლოგიურ ცენტრზე ცეცხლის გახსნას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 10 ადამიანი, მათ შორის 6 ექიმი კი - დაშავდა.

წყარო: mirror.co.uk

მოამზადა ანა სიბოშვილმა