"გალა", ანუ ჩატარებამდე დისკრედიტებული ლიტერატურული კონკურსი

"გალა", ანუ ჩატარებამდე დისკრედიტებული ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურულ კონკურს "გალაზე", წლის ლიტერატურული პროექტის ნომინაციაში წარდგენილი "ქართული პროზის საგანძური" ჟიურის წევრებმა საკონკურსო ჩამონათვალშიც კი არ შეიყვანეს. ამით გაკვირვებული არიან როგორც მედია-სახლ "პალიტრის" წარმომადგენლები, ასევე მწერლები და უბრალო მკითხველებიც.

"ქართული პროზის საგანძური" პროექტი, რომელმაც წიგნთან მიაბრუნა მკითხველი და შეიძლება ითქვას წიგნის კითხვა საქართველოში კვლავ მოდური გახადა, კონკურსგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ "რეზონანსმა" სოციალური ქსელებიდან შეიტყო. ფორუმ.გე-სა და Facebook-ზე ლიტერატურით დაინტერესებულ მომხმარებელთა უმეტესობა აღნიშნული პროექტის და საერთოდ, მედია-სახლ "პალიტრის" წიგნების კონკურსზე დაბლოკვას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებენ.

როგორც ცნობილია, წლევანდელ "გალაში" მონაწილეობენ 2009-2010 წლის სექტემბრამდე გამოცემული წიგნები შესაბამისი გამომცემლობების წარდგინებით. ჟიურის წევრის, მთარგმნელ ნინო ქაჯაიას განცხადებით, 24 გამომცემლობის მიერ წარდგენილი 120 წიგნიდან და ლიტერატურული პროექტიდან 18 გამოვლინდა ისეთი, რომელთაგან საუკეთესოები სწორედ დღეს დაჯილდოვდებიან.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის ექვს ნომინაციაში წარდგენილი არიან:

ნომინაციაში "სამაგიდო წიგნი": არკუს ტულიოს ციცერონის "სიტყვები და დილოგები" მთარგმნელი იამზე გაგუა (გამომცემლობა "ლოგოსი, "გმირი"), გამომცემლობა "პრაიმ თაიმი".

ნომინაციაში "წლის წიგნი": ზურაბ ლეჟავას "ნავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"), ირაკლი ქასრაშვილის "სოკრატე" (გამომცემლობა "შემეცნება"), ზვიად რატიანის "ნეგატივი" (გამომცემლობა "დიოგენე"), ამირან სვიმონიშვილის "სამკვიდრო" (გამომცემლობა "სიესტა").

ნომინაციაში "თარგმნილი წიგნი": ორჰან ფამუქის "მე მქვია წითელი" (მთაგმნელი ლია ჩლაიძე, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"), ორნელია ფუნკეს "ქურდების მბრძანებელი" (მთარგმნელიანა კორძაია-სამადაშვილი, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"), მიშელ უელბეკის "პლატფორმა" (მთარმნელი ირმა ტაველიძე, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა").

ნომინაციაში "საბავშვო წიგნი": თეა ლომაძის "წერილი ბოთლში" (გამომცემლობა "დიოგენე"), "საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის" (მოთხრონილია მზია სურგულაძის მიერ, გამომცემლობა "ლიტერა".

ნომინაციაში "წიგნის მხატვრობა": ნინო გურაბანიძე - სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" (ქარჩხაძის გამომცემლობა), თემურ ფხიკიძე - ზაალ სამადაშვილის "მოთხრობები ბიჭებისთვის" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"), თინათინ ჩხიკვიშვილი - მაყვალა მრევლიშვილის "ლექსები" ("ქართული ბიოგრაფიული ცენტრი"), დალი მუხაძე - "ქართული საბავშვო მოთხრობა" (გამომცემლობა "შემეცნება").

ნომინაციაში წლის "საუკეთესო ლიტერატურული პროექტი": "აუცილებელი საკითხავი" ("არეტე"), კახა თოლორდავა - "საუბრები ჯაზზე" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლიობა"), "მსოფლიო ლიტერატურის შდევრები" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა").

"ქართული პროზის საგანძური" სწორედ ამ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

ცნობისათვის, ლიტერატურული კონკურსი "გალა" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით "თბილისობის" დღესასწაულზე მე-4 წელია, რაც იმართება. კონკურსის მიზანი, როგორც მისი მესვეურები ამბობენ, მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მწერლების წახალისებაა.

კონკურსის ნომინანტების გამოსავლენად 5 კაციანი ჟიური მუშაობდა: მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი, მწერლები: ზალ სამადაშვილი, ზურაბ სამადაშვილი და მამუკა ხერხეულიძე.

ნომინაციებში გამარჯვებულები ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლითა და ერთჯერადი ფულადი პრემიით, 4000 ლარით დასაჩუქრდება.

საყურადღებოა, რომ ჟიურის ეს შემადგენლობა თავიდანვე ეჭვქვეშ დააყენა საკრებულოს დეპუტატმა ინგა გრიგოლიამ. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მან საკრებულოს მიანიშნა, რომ ჟიურის ამგვარი დაკომპლექტება მათი პოლიტიკური ნიშნით შერჩევაზე ბადებდა ეჭვს. გროგოლიამ ისიც დასძინა, რომ ის ამაში არც შემცდარა.

ინგა გრიგოლია: "როცა საკრებულოს სხდომაზე გამოიტანეს საკითხი "გალას" ჟიურის შესახებ, მაშინვე დავსვი შეკითხვა: ეს პოლიტიკური ნიშნით ხომ არ დააკომპლექტეთ-მეთქი. ზაალ სამადაშვილის პასუხი იყო: რა სისულელეა, საიდან მოიტანეთო. მერე როცა გაირკვა, რომ "ქართული პროზის საგანძური" საერთოდ არ მოხვდა სჰორტ-ლისტ-ში, უკვე დავასკვენი, რომ ეს ნამდვილად იყო ერთგვარი "პალიტრის" დაბლოკვა ჟიურის მხრიდან. გუშინ მე ველაპარაკე ზაალ სამადაშვილს სწორედ ამ თემაზე და ვუთხარი, რომ ეს არის "კვირის პალიტრისადმი" პოლიტიკური მიდგომა. მან კი მიპასუხა, რომ ეს ჟიურის გადაწყვეტილება იყო და, აქედან გამომდინარე, რატომ არ მოხვდა "ქართული პროზის საგანძური" ნომინაციებშიც კი, მან თავად არ იცის. არადა, ეს არის მართლაც უზარმაზარი ღირებულების ფასტანტიური, ეროვნური პროექტი.

აქ ხომ არ არის ლაპარაკი მაინცდაიმანც გამარჯვებაზე?! პროექტი საერთოდ ვერ მოხვდა ნომონაციაში. სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ ეს მართლაც გენიალური ლიტერატურული პროექტი ნომინაციაში ვერ მოხვედრილიყო, რათა შემდეგ ებრძოლა გამარჯვებისთვის. ერთი თვის წინ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე - იყო თუ არა ეს ჟიური პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებული, უკვე პასუხი მაქვს: ეს მართლაც ასეა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში შოუ-ბიზნესით დაწყებული ლიტერატურით დამთავრებული (აღარაფერს ვლაპარაკობ სხვადასხვა მიმართულებებზე) - ყველაფერს უპირატესობა პოლიტიკური ნიშნით ენიჭება.

ვიდრე კონკურსის ჟიურისა და თავად პროექტის ავტორებს დაველაპარაკებოდით, წიგნის მაღაზია "ბიბლუსს" ვესტუმრეთ.

აქ წიგნების ფურცლების შრიალი და ხალხის ფუსფუსი დილიდანვე იგრძნობა. არც თუ ისე დიდი მაღაზია საკმაოდ ბევრ წიგნს იტევს. აქ ნახავთ მხატვრულ, შემეცნებით, საბავშვო ლიტერატურას. როგორც მაღაზიის კონსულტანტი ნათია გოგობერიშვილიჩვენთან საუბრისას ამბობს, საკმაოდ ბევრი მუშტარი ჰყავს საბავშვო ლიტერატურას. თუმცა ბესტსელერობის თვალსაზრისით "ქართული პროზის საგანძურის" სერიით გამოცემულმა წიგნებმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.

ნათია გოგობერიშვილი: "ძალიან ბევრი ყიდულობს ქართული პროზის საგანძურის" სერიით გამოცემულ წიგნებს. ოჯახობით მოდიან და ისე მიაქვთ ხოლმე. ერთმა ქალბატონმა ერთ ყიდვაზე ყველა გამოცემული, 33-ვე წიგნი იყიდა: არ ვიცოდი, ახლა გავიგე ამ პროექტის შესახებ და ახლა ამიტომაც ვყიდულობო - აგვიხსნა. ხშირად მოდიან ისეთები, რომლებსაც ესა თუ ის ნომერი გამორჩა. ასე რომ, ამ წიგნებზე მოთხოვნამ, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი რეკორდი მოხსნა."

"პალიტრა-L"-ის გამომცემლობის დირექტორი თინათინ ასათიანი გაკვირვებულია "გალას" ჟიურის გადაწყვეტილებით.

გამომცემლობა "პალიტრა-L"-ის ამ პროექტამდე საქართველოში, რომელიმე წიგნის ტირაჟი წელიწადში 3000 ცალს თუ მიაღწევდა, ლამის ბესტსელერად ითვლებოდა. ჩვენ კი "ქართული პროზის საგანძურის" თითოეულ ტომს კვირაში ათეულ ათასობით ტირაჟით გამოვცემთ. სიმართლე გითხრათ ასეთ წარმატებას პროექტის დასაწყისში ვერც წარმოვიდგენდით.

ჩვენთვის გასაოცარია ის, რომ ეს პროექტი კონკურსის ნომინაციებშიც კი არ აღმოჩნდა. გარდა ამ პროექტისა, ჩვენ ყველა ნომინაციაში წარდგენილი გვქონდა სხვადასხვა წიგნებში, მაგრამ ვერც ისინი გახდნენ ნომინანტები, არათუ გამარჯვებულები. წარმოდგენა არ გვაქვს, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, როგორ მოხდა ნომინანტების შერჩევა, გამოცემის ხარისხი არ მოეწონათ, პოპულარობა თუ... შერჩეული მწერლები? - მართლა ვერ ვხვდებით. ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ აღვნიშნო: (სხვათა შორის გადამოწმებული ინფორმაციაა და არა კულუარული): თვითონ ბატონ ზაალ სამადაშვილს ძალიან სურდა, მისი შემოქმედება ამ პროექტის სერიაში მოხვედრილიყო. ჩვენ პატივს ვცემთ მის შემოქმედებას, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ქართული პროზის საგანძურია, აქ არის როგორც ილიას, აკაკის, ვაჟას პროზა, ასევე - თანამედროვეებიც - გურამ დოჩანაშვილი, აკა მორჩილაძე, ნუგზარ შატაიძე, გოდერძი ჩოხელი და სხვა ბევრი დიდი მწერალი... სამწუხაროდ, ყველა მწერალი ამ პროექტში ვერ მოხვდება. რამდენადაც ბატონი ზაალის პროზა არ მოხვდა ამ პროეტში, შესაძლოა ის სწორედ ამან გაანაწყენა.

თუმცა ჩვენთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის ერთი, ან რამდენიმე ჩინოვნიკის გადაწყვეტილება თუ ვის მიანიჭებენ გამარჯვებას. ჩვენ მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს ვპირდებით მკითხველს...

რატომ ვერ მოხვდა "ქართული პროზის საგანძური" "გალას" საკონკურსო ჩამონათვალში და რა კრიტერიუმებით სარგებლობდა ჟიური შერჩევისას - ამ შეკითხვებით "რეზონანსს" სურდა, მიემართა საკრებულოს თავმჯდომარესთვის, ზაალ სამადაშვილისთვის, მაგრამ მან ჩვენი არაერთი ზარი უპასუხოდ დატოვა. ასევე, ვერ მოხერხდა დაკავშირება საკრებულოს პრესსამსახურის უფროსთან - ნინო ჯინჯოლავასთან.

ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა ხერხეულიძემ კი აღნიშნული შეკითხევების მოსმენის შემდეგ ეს გვიპასუხა: "გაციებული ვარ და ამაზე ვერ გიპასუხებთ."

"გალას" ჟიური რომ ყოველთვის სუბიექტურია, ეს მწერალ ლაშა ბუღაძეს არ უკვირს და იმასაც ამბობს, რომ სრულიად ბუნებრივია.

ლაშა ბუღაძე: "ნებისმიერი კონკურსის მიმართ, რომელიც ლიტერატურას უკავშირდება, ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ სხვა ლიტერატურული კონკურსების გვერდით არსებობს "გალაც". ამ კონკურსზე ჩემი რომანიც იყო წარდგენილი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ, მაგრამ, სამწუხაროდ, სჰორტ-ლისტ-ში ვერ მოხვდა. ყოველწლიურად ამ კონკურსის ჟიურის წევრებს ცვლიან, ჟიური კი ყოველთვის სუბიექტურია და აქვს უფლება, რომ სუბიექტური იყოს, რადგან ეს ეხება გემოვნებას, რაც იმას ნიშნავს რომ აქ სადაო არაფერია. რაც შეეხება "ქართული პროზის საგანძურს", მართლაც ძალიან კარგი პროექტია. ეს არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს პოპულარიზაციის თვალსაზრისით კითხვას და ბევრი ისეთი ტექსტი მივიდა ადამიანებთან სახლებში, რომლებიც სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ მივიდოდა. არა უშავს. ეს პროექტი თავისთავად ისედაც საკმაოდ წარმატებულია, ძალიან ბევრი მყიდველი და მკითხველი ჰყავს. ეს კი, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მინდა ვთქვა, ყოველგვარ ჯილდოზე მეტია."

მარი ოთარაშვილი

გაზეთი "რეზონანსი" (იბეჭდება შემოკლებით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"