გიორგი ვაშაძე მეუღლესთან, ქეთი სიჭინავასთან ერთად, 21 თებერვლიდან კიევშია. გუშინ Ambebi.ge-სთან პოლიტიკოსმა თქვა, რომ ცდილობდა, მეუღლე საქართველოში დაებრუნებინა, თავად კი კიევში რჩებოდა. ქეთი სიჭინავა კვლავ კიევშია. ჩვენთან საუბრისას კი ამბობს, რომ ყველგან განგაშის სიგნალის ხმა ისმის და ჯერ კიდევ არ იცის, როდის მოახერხებს სამშობლოში დაბრუნებას...
ქეთი სიჭინავა:
- ორშაბათს ჩავფრინდი კიევში და უკან ხუთშაბათს ვბრუნდებოდით. ხუთშაბათს დილის 5:00 საათზე ჩამოვარდა კიევთან ახლოს ბომბი. ჩვენ კიევის ცენტრში ვცხოვრობდით, გუშინ უკვე გაგვაფრთხილეს, რომ საერთოდ იკეტება კიევიო. უკრაინელ მეგობრებთან გადავედით კიევის ახლოს და ღამე იქაც ჩამოაგდეს ბომბები. ამის შემდეგ გზაში ვართ. დიდ ქალაქებს სადაც ჩავუარეთ, ყველგან განგაშის სიგნალია. ყოველ 5 წუთში ისმოდა თვითმფრინავების ხმა . ახლა გიორგი ცდილობს ჩემს გამოშვებას საზღვარზე, მაგრამ საზღვრამდე უზარმაზარი გზაა გასავლელი. თან ეს გზა არის სრულიად პარალიზებული, უამრავი მანქანაა.
ბევრჯერ შევიცვალეთ მიმართულებები იმის გამო, რომ ხან სად ვარდება ბომბი და იბომბება გადასასვლელი გზები და ხან სად - თვითონ უკრაინელების მიერ, რომ ქალაქებთან შესასვლელები დაიცვან. სრული ქაოსი იყო პირველი ორი დღე უკრაინელებში და ახლა ძალიან მობილიზდნენ.
- ემოციურად ალბათ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნებით...
- ძალიან შეშინებული ვარ და პარალიზებული. საერთოდ ასეთ მდგომარეობაში არასოდეს ჩავვარდნილვარ და თურმე, 2008 წლის ომი საერთოდ არ მიგრძვნია. რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდიდი, მაგრამ აბსოლუტურად სხვა შეგრძნებაა თავზე რომ ბომბი გეცემა, ასეთი დაუცველობის განცდა არასდროს მქონია.
მორალურად ვარ განადგურებული. ორი დღე ისეთი შოკი მქონდა, რომ ხმას ვერ ვიღებდი, მარტო რომ ვყოფილიყავი, ალბათ ვერ გადავიტანდი. მაგრამ უარესად ვიქნებოდი აქ რომ მყოლოდა ბავშვები და საშინლად მეცოდება ის ხალხი, ვისაც შვილები ჰყავს ასეთ მდგომარეობაში. ისეთ ჯოჯოხეთში არიან.
უკრაინელები ახლა ჩვენს მაგივრადაც იბრძვიან და ისე უხარიათ ჩვენი მხარდაჭერა, სადაც იგებენ რომ ქართველი ვარ აქეთ მაწყნარებენ. ძალიან მაგარი ხალხი ყოფილან, არსად არ მიდიან თვითონ, უშვებენ მხოლოდ ქალებს და ბავშვებს.
ჩვენ აქ ახლა მხოლოდ უკრაინელები გვეხმარებიან, დაორგანიზდა მოხალისეთა დახმარების ჯგუფი და ისე ეხმარებიან ერთმანეთს, რომ გაოგნებულები ვართ.
- საქართველოში მარტო ბრუნდებით თუ გიორგისთან ერთად?
- გიორგის უკრაინელი მეგობრები ჰყავს აქ. თვითონ დარჩება, მე გადამიყვანს. აქ მისი დატოვება არ მინდა, მაგრამ როგორ ვუთხრა გამოიქეცი-თქო, ამის უფლება ნამდვილად არ მაქვს.