საქართველოში ბევრი უკრაინელი ცხოვრობს, მათ შორის არის კატერინა პობერეჟნა. ის ქართველების რძალია, ჩვენს ქვეყანაში 2007 წლიდან ცხოვრობს და შეყვარებულია აქაურობაზე...
კატერინა კვალიფიციური სპეციალისტია "ევრობანკში", აგრობიზნესმრჩეველია და საქართველოში ტექნიკური პროექტების კოორდინატორი, მუშაობს "ფაოშიც" კონსულტანტად. არის ორი შვილის დედა, შესანიშნავად საუბრობს ქართულად, რითაც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს და დიდ პატივისცემას იმსახურებს. კატერინა უკრაინის ცენტრში, კროპივნიცკში დაიბადა. უმაღლესი განათლება კიევსა და გერმანიაში მიიღო. მას მშობლები, ნათესავები, ახლობლები უკრაინაში ჰყავს და ცხადია, მათ უსაფრთხოებაზე ღელავს. ის უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია...
კატერინა პობერეჟნა:
- არავინ ელოდებოდა ამას, რაც ახლა ხდება. ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა. ჩემი პირველი რეაქცია შოკი იყო. ასეთ საშინელ ამბავს რომ იგებ, ცხადია, განიცდი, ტირი, მაგრამ რეალურად ვერაფერს აკეთებ, ვერაფერს ცვლი. რთული ემოციური მდგომარეობაა... მერე როდესაც უკრაინაში დავრეკე და ჩვენებს დაველაპარაკე, აქეთ გამამხნევეს... ეს იყო გასაოცარი... წარმოიდგინეთ, კიევში დილის 4 საათზე ბომბის ხმაზე იღვიძებ. გასაგებია, რომ უცებ ვერ ხვდები, რა ხდება. მერე იგებ და სიბრაზე გიპყრობს... 2014 წლამდე გვქონდა განცდა, რომ რუსეთი მეზობელია, ენაც ვიცით, რაღაც პერიოდი ჩვენი ქვეყნები ერთად ვიყავით. ყირიმის და დონბასის შემდეგ ეს დამოკიდებულება დაიკარგა... საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ის ცუდი მეზობელია, მაგრამ მაინც რომ არ ელოდები, მისგან ზურგში დანის ჩარტყამს და სახლში მის შემოვარდნას... ამიტომ ახლა უკრაინელი ხალხი ისეთი გაბრაზებულია, რომ ეს სიბრაზე დიდხანს არ გადაუვლის.
- და ეს სიბრაზე დღეს იმას აკეთებს, რომ უკრაინა თავდავიწყებით იბრძვის ქვეყნისთვის...
- კი. ბევრს ველაპარაკე და მიიჩნევენ, რომ უკან დასახევი გზა არ არის. ქვეყნიდან მხოლოდ დედები პატარა ბავშვებით გადიან... როგორია, აშენებ ქვეყანას, უამრავ შრომას, ძალისხმევას დებ ამ ყველაფერში და ვიღაც შემორბის, ყველაფერს გინგრევს, ადამიანებს ხოცავს. უკრაინელები როგორი გრძნობით და განწყობით უნდა იყვნენ?!. მშრომელი ხალხი ვართ, ქვეყანაში ყველას ერთი სული აქვს, გაყაროს მტერი თავისი ტერიტორიიდან და შრომას, საქმეს დაუბრუნდნენ. აქ ორი რამაა - ან თავისუფლება, ან სიკვდილი.
- მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რომ ეს არის ერი, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკან არ დაიხევს. ადამიანებმა საოცარი მაგალითი აჩვენეს...
- სხვანაირად ვერ მოიქცევი, არჩევანი არ არის. ახლა არის დრო, იმ საშინელების დასასრულის, რომელიც ასეთ პრობლემას ქმნიდა საქართველოში, ყირიმში, დონბასში და სხვაგან... მიზანი ნათელია, ვიცით, რისთვის ვიბრძვით. სიმართლე ჩვენს მხარესაა. უკრაინა ისტორიულად არავის დამპყრობელი არ ყოფილა. ცხოვრობდა, შრომობდა და იცავდა თავს. მთელმა მსოფლიომ ეს უკვე დაინახა და მიხვდა, რომ უნდა დაეხმაროს.
- ალბათ, გყავთ რუსი მეგობრები და საინტერესოა მათი აზრი, რას ამბობენ და რას ფიქრობენ. თანადგომას თუ გიცხადებენ?
- გულწრფელად რომ გითხრათ, რუსი მეგობრები არ მყავს, ეს მეგობრობა 2014 წელს დასრულდა. მოგეხსენებათ, დროში ყველა თავის თავს ავლენს... უკრაინელები ტოლერანტები არიან, ქვეყანაში რუსებიც ცხოვრობენ, მაგრამ არ მახსოვს და მსმენია, ისინი იმის გამო დაეჩაგროთ, რომ ეროვნებით რუსები არიან. ამ ნიშნით არავის არავინ არასდროს დაუჩაგრავს. დიდი მადლობა იმ ხალხს, რომლებიც რისკავენ და აქციებზე გამოდიან, თუმცა ჯობდა ადრე გამოსულიყვნენ, მაგრამ ნებისმიერი მხარდაჭერა დასაფასებელია. დღეს ჩემ გარშემო ყველა ისეთ ადამიანს ვხედავ, ვინც მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.
- როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინი გაქვთ, რამდენ ხანში უნდა დამთავრდეს ეს უსამართლო ბრძოლა?
- მგონი, ამაზე ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ... თუმცა მიმაჩნია, რომ დიდხანს არ გაგრძელდება და მერე ყველაფერი სხვა კალაპოტში მოექცევა. ფაქტია, რომ ასეთი ერთობა უკრაინაში 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა. რუსეთის მეთაურს სხვა რამ ეგონა და მისი პრობლემაც ეგ არის. დღეს უკრაინა აღარ არის ისეთი, 30 წლის წინ რომ იყო. სხვა საზოგადოება, სხვა პოლიტიკური ერთობა და ხედვაა. უკრაინის თავისუფლებას და ერთიანობას ყველა მხარს უჭერს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ჩვენ ვართ მართლები! ეს აგრესია კი არის სამხედრო დანაშაული და ეს ადამიანი ამისთვის პასუხს აგებს. ჩვენ გავიმარჯვებთ!