ავტორი:

"შიშის ქვეშ ვართ ვიღაც გიჟი დიქტატორის გამო" - პოლიტიკოსებიდან მოდელებამდე: უკრაინელი ქალები იარაღით ხელში სამშობლოს დასაცავად (ფოტოები)

"შიშის ქვეშ ვართ ვიღაც გიჟი დიქტატორის გამო" - პოლიტიკოსებიდან მოდელებამდე: უკრაინელი ქალები იარაღით ხელში სამშობლოს დასაცავად (ფოტოები)

უკრაინაში რუსი სამხედროების შეჭრის შემდეგ, არაერთი უკრაინელი ქალი შეუერთდა მოხალისეთა რიგებს. უკრაინელი ქალების ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ბრძოლისთვის მზად არიან, ოფიციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს.

მთელი ქვეყნის ქალები, პოლიტიკოსებიდან დაწყებული - სილამაზის კონკურსის მონაწილეებით დამთავრებული, ყველა ხელში იღებს იარაღს, რათა ქვეყნის დასაცავად იბრძოლონ.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა უკრაინის პარლამენტის წევრის - კირა რუდიკის იარაღით ხელში გადაღებული ფოტო.

"კალაშნიკოვის გამოყენებას ვსწავლობ და იარაღის ტარებისთვის ვემზადები. ეს სიურეალისტურად ჟღერს, რამდენიმე დღის წინ აზრადაც კი არ მომივიდოდა ამგვარი რამ. ჩვენი ქვეყნის ქალები ისევე დავიცავთ ჩვენც მიწას, როგორც მამაკაცები იცავენ".

კირა რუდიკი

კირას თქმით, კალაშნიკოვის ხელში ჭერა მას იმედს აძლევს: "ძალიან გავბრაზდი, როცა ომი დაიწყო. ახლაც ვბრაზობ. დღემდე ვერ გამიგია, პუტინი და ქვეყანა, რომელიც ჩვენი მეზობელია, რატომ უარყოფს ჩვენს უფლებას, ვიარსებოთ. ვბრაზობ იმიტომ, რომ იძულებულს მხდიან, ჩემი ქალაქი დავტოვო. ყველანი შიშის ქვეშ ვართ ვიღაც გიჟი დიქრატორის გამო,"- ამბობს კირა რუდიკი.

კირა რუდიკი ორგანიზებას უკეთებს დანაყოფს, რომელიც რუსებს დედაქალაქის ქუჩებში შეებრძოლება:

"ისინი იქ უნდა დაბრუნდნენ, საიდანაც მოვიდნენ. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ჩვენს სუვერენიტეტს ბოლომდე დავიცავთ, რადგან მინდა ჩემმა შვილებმა ჩვენსავე აშენებულ უკრაინაში იცხოვრონ და არა ვიღაც ვლადიმერ პუტინის," - ამატებს რუდიკი.

მოხალისეებს ყოფილი "მის უკრაინა", ანასტასია ლენაც შეუერთდა. ის ახლა გვირგვინს დროებით გვერდზე დებს და სამშობლოს დასაცავად იარაღს იღებს. "ინსტაგრამ" გვერდზე ანასტასიამ რამდენიმე ფოტო ატვირთა, სადაც იარაღით ხელშია.

ანასტასია ლენა

უკრაინელი პოლიტიკოსი, ლესია ვასილენკო უცხოელებსაც მოუწოდებს შეუერთდნენ მათ. "ჩვენს ქვეყანაში ომია. არაა ახლა იმის დრო, რომ ვინმემ გვავარჯიშოს და წვრთნები ჩაგვიტაროს. ყველას თავისი მოვალეობა აკისრია", - ამბობს ის. ლესიას თქმით, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი იქმნება, რომელიც უცხოელებისთვის ცალკე დანაყოფი იქნება:

"თუ გსურთ ამ ბრძოლაში დაგვეხმაროთ, შეგიძლიათ თქვენს ქვეყანაში უკრაინის საელჩოებში დარეგისტრირდეთ და უკრაინელების მსოფლიოს უდიდეს აგრესორზე გამარჯვებაში და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ", - ამბობს ვასილენკო.

Indiatoday

მოამზადა ანა სიბოშვილმა