ავტორი:

"როგორც ჩანს, გავიდა თუ არა, პირველსავე დღეს მოკლეს" - რას ჰყვება ხარკოვში დაღუპული ქართველის მეგობარი

"როგორც ჩანს, გავიდა თუ არა, პირველსავე დღეს მოკლეს" - რას ჰყვება ხარკოვში დაღუპული ქართველის მეგობარი

უკრაინაში, კერძოდ ხარკოვში, ოკუპანტის ნასროლ ტყვიას ქართველი მამაკაცის, ვალერი ჯიჩოშვილის სიცოცხლე შეეწირა. როგორც შევიტყვეთ, ის ქარელის სოფელ ბრეძიდან იყო. წლებია, თურმე, ხარკოვში ცხოვრობს და უკრაინელი მეუღლე ჰყავს.

მერის წარმომადგენელი სოფელ ბრეძში - გია ცაბაძე ამბობს, რომ ვალერის ბავშვობიდან იცნობს, ერთად გაზრდილები არიან. მან ისიც გვითხრა, ამ ტრაგედიის წინა დღეს პირადად ველაპარაკე ვალერის, უკრაინაში არსებულ ვითარებას ძალიან განიცდიდაო.

გია ცაბაძე:

- ძალიან სამწუხარო ამბავია, ვალერიან ჯიჩოშვილი გარდაიცვალა. ჩვენ ერთად ვართ გაზრდილები. ჩათვალეთ, ჩემი ოჯახის წევრი იყო. საოცრად კარგი ადამიანი. უკრაინაში 2004 წელს წავიდა და მას მერე იქ ცხოვრობდა, მეუღლე უკრაინელი ჰყავს, მაგრამ შვილი არ ჰყოლია. ბოლო წლებში ხელობა ისწავლა და იქ ამ ხელობით მუშაობდა. ხარკოვში, შიგ ქალაქში ცხოვრობდა. გუშინწინ პირადად ველაპარაკე, მოვიკითხე, ძალიან განიცდიდა და მოხალისეობას აპირებდა. როგორც ჩანს, გავიდა თუ არა, პირველივე დღეს მოკლეს. გუშინწინ საღამოს ველაპარაკე და გუშინ საღამოს გავიგე ეს საშინელი ამბავი, მისმა ძმისშვილმა დამირეკა და მითხრა, მოკლესო. ძალიან განვიცდი.

ვალერის ერთი ძმა ჰყავს, ისიც იქ ცხოვრობს, მას 4 შვილი - ორი ბიჭი და ორი გოგონა ჰყავს, უკრაინელია მისი მეუღლეც. როგორც ძმისშვილისგან ვიცი, ომში დაიღუპა, როგორც მებრძოლი. იმდენად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ეს ამბავი, დეტალები არც მიკითხავს. ისე ძალიან განვიცდი, ძმასაც ვერ დაველაპარაკე ამ სიტუაციაში. მაგის თავი არ ექნებოდა, არ შევაწუხე ამ ეტაპზე.

- საქართველოში მშობლები ჰყავს?

- მშობლები გარდაცვლილები არიან. 2009 წელს დედა გარდაეცვალა, მაშინ ჩამოვიდა ვალერი და დიდხანს იყო საქართველოში. ძმაც იქ არის. მერე მამამისი წავიდა შვილების სანახავად და სამწუხაროდ, იქ გარდაიცვალა და იქ არის დაკრძალული. ვალერის საქართველოში ძალიან ბევრი ჭირისუფალი ჰყავს, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და დეიდაშვილები. ყველანი კარგი ადამიანები არიან.

ვალერი ძალიან მშრომელი, ღირსეული, განათლებული, კარგი ინტელექტის პატრონი იყო. 1972 წელს არის დაბადებული, წელს 50 წლის გახდებოდა. ეს ინფორმაცია დიდი შოკი იყო ჩვენთვის. სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი წერს მასზე. როგორც ჩანს, ის სახლთან ახლოს მოკლეს.

განაგრძეთ კითხვა