ავტორი:

Reuters: Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანია გაკოტრების განაცხადს ამზადებს

Reuters: Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანია გაკოტრების განაცხადს ამზადებს

შვეიცარიაში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელმაც Nord Stream 2 ააშენა, შესაძლოა, გაკოტრების შესახებ განაცხადოს. ექსკლუზიურ ინფორმაციას Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანია Nord Stream 2 AG აშშ-ს სანქციებით დაწესებულ ვადაში, ანუ 2 მარტამდე, პროექტში მონაწილე კომპანიების პრეტენზიების დაკმაყოფილებას ცდილობს.

შეერთებულმა შტატებმა Nord Stream 2 AG-ს სანქციები გასულ კვირას დაუწესა. Nord Stream 2 AG რეგისტრირებულია შვეიცარიაში და რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მან გასულ წელს 11 მლრდ დოლარის გაზსადენის პროექტი დაასრულა, რომლის მიზანიც რუსეთიდან გერმანიაში გაზის მიწოდების გაორმაგება იყო.

ორმა წყარომ ანონიმურობის პირობით Reuters-ს განუცხადა, რომ პოტენციურ გაკოტრებაზე საუბრები კონფიდენციალურია და Nord Stream 2 AG ფინანსურ მრჩეველთან გარკვეული ვალდებულებების დაფარვაზე მუშაობს, ხოლო გაკოტრების პროცესი ოფიციალურად შვეიცარიის სასამართლოში შესაძლოა, ამ კვირაში დაიწყოს.

Nord Stream 2 AG და „გაზპრომი“ Reuters-თან კომენტარს არ აკეთებენ.

1,230 კმ-იანი მილსადენი კომერციულად არ ოპერირებდა, რადგან გერმანიაში სერტიფიცირებას ელოდებოდა, ხოლო უკრაინის კრიზისის ესკალაციამ ეს პროცესი შეაჩერა. გააგრძელეთ კითხვა