რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. გთავაზობთ მისი გამოსვლის მთავარ გზავნილებს:
"ვლადიმერ პუტინმა განიზრახა თავისუფალი სამყაროს საფუძვლების შერყევა, მაგრამ მან არასწორი გათვლა გააკეთა. მას ეგონა, რომ უკრაინაში შეიჭრებოდა და მსოფლიო გადატრიალდებოდა. ამის ნაცვლად, ის შეხვდა სიძლიერის კედელს, რომელსაც არასოდეს მოელოდა ან წარმოიდგენდა. ის შეხვდა უკრაინელ ხალხს", - განაცხადა ბაიდენმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაზე თავდასხმა წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო.
“პუტინის უკრაინაზე თავდასხმა წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო. მან უარი თქვა დიპლომატიაზე. ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. ფიქრობდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა. პუტინი შეცდა, ჩვენ მზად ვიყავით,"- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტი მიესალმა უკრაინელი კოლეგის ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მოქალაქეები "უშიშრობასა და გამბედაობას, რაც შთააგონებს მსოფლიოს“.
"პრეზიდენტი ზელენსკიდან დაწყებული ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი უშიშრობა, გამბედაობა, მონდომება შთააგონებს მსოფლიოს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს ბლოკავენ თავიანთი სხეულებით. ყველა, სტუდენტიდან დაწყებული პენსიონერი მასწავლებლებით დამთავრებული, სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებად გადაიქცა. მოდით, თითოეული ჩვენგანი ამ დარბაზში ფეხზე წამოვდგეთ და უტყუარი სიგნალი გავუგზავნოთ უკრაინას და მსოფლიოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
"როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი კიდევ უფრო მეტ ქაოსს იწვევენ,"- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, პუტინის რეჟიმს მხარს უჭერენ ოლიგარქები და სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებმაც მილიარდობით დოლარი იშოვეს ძალადობრივი რეჟიმისგან. ბაიდენის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქების დანაშაულების გამოსაძიებლად შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ქმნის. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ იმუშავებენ ევროპელ მოკავშირეებთან რუსული იახტების, თვითმფრინავების, აპარტამენტების ჩამორთმევის მიზნით.
“მივმართავ რუს ოლიგარქებსა და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც ამ სასტიკი რეჟიმის პირობებში მილიარდობით დოლარი მოიხვეჭეს - დასრულდა! ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს, რათა ვიპოვოთ და ჩამოვართვათ მათი იახტები, ძვირად ღირებული აპარტამენტები, კერძო თვითმფრინავები. მოვაკითხავთ თქვენს არაკეთილსინდისიერ შემოსავლებს," - აღნიშნა ბაიდენმა.
"ვაცხადებ, რომ ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს რუსეთის ყველა ფრენისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს აკრძალვა რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოიწვევს და მის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს.