უკრაინის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ისინი მიიღებდნენ თვითმფრინავებს ევროკავშირის რამდენიმე პარტნიორისგან, - ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს სტატიაში სათაურით: "ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნიან“.
"პოლონეთის მთავრობაში გუშინ განაცხადეს, რომ არ გაგზავნიან საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინაში. გარდა პოლონეთისა, ბულგარეთისა და სლოვაკეთის მთავრობებმა ასევე გამორიცხეს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება. ამავე დროს, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირი ორშაბათს ირწმუნებოდა, რომ უკრაინელი მფრინავები ევროკავშირის ქვეყნების მიერ ნაჩუქარი თვითმფრინავების ქვეყანაში მისაღებად უკრაინიდან გაემგზავრნენ.
კვირას ევროკავშირმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ იგი შეასრულებს ბევრად უფრო მტკიცე როლს მისი წევრებისგან უკრაინაში იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში და ამ ძალისხმევის დასაფინანსებლად 450 მილიონ ევრო გამოიყენებს.
უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინელი პილოტები პოლონეთში ჩავიდნენ, რათა ევროკავშირელი პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავები მიეღოთ. უკრაინის პარლამენტმა "ტვიტერში“ დაწერა, რომ ევროპა, პოლონეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი, საერთო ჯამში, 70 საბრძოლო თვითმფრინავს აგზავნიდა,” - ვკითხულობთ სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში განსხვავებულად საუბრობენ.
“POLITICO-ს ბულგარეთის მთავრობის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განმარტა, რომ მის ქვეყანას აქვს ვარგისი თვითმფრინავების და ნაწილების დეფიციტი და არ გააჩნია საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად, რომ აღარაფერი ითქვას თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნაზე.
სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე უარყო ინფორმაცია ასეთი სახის დახმარების შესახებ: "სლოვაკეთი არ გადასცემს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამაც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "არ აპირებს თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“. მისი თქმით, "ეს გამოიწვევს სამხედრო ჩარევას უკრაინის კონფლიქტში“.
რამდენიმე საათის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის საკითხზე საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ”პოლონეთს არ აქვს ასეთი გეგმები,“ - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა განმარტავს, რომ ევროპული ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე საუბარი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა გამოიწვია, რომელმაც კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავდა.
"ჩვენ ვაპირებთ უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას ჰყავს თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბორელმა განაცხადა, რომ ასეთი თვითმფრინავები შესაძლოა ევროკავშირის ფულით დაფინანსდეს.
თუმცა, ორშაბათს, ბორელს საჯაროდ უკან დახევა მოუწია. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო თვითმფრინავები "უკრაინისგან მიღებული დახმარებასთან დაკავშირებული თხოვნის ნაწილი იყო“, ევროკავშირს არ გააჩნდა საკმარისი ფინანსური სახსრები იმისთვის, რომ დაეფინანსებინა თვითმფრინავები, რომელსაც ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები უკრაინას მიაწვდიდნენ,“ - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ბორელმა არაფორმალურად ჰკითხა ბულგარეთს, პოლონეთს და რუმინეთს, შეეძლოთ თუ არა მათ კიევისთვის გარკვეული თვითმფრინავის მიწოდება.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები “აღაშფოთა” ბორელის საჯარო განცხადებამ გამანადგურებელი თვითმფრინავის მიწოდების შესახებ და რომ ეს განცხადებები შეთანხმების გარეშე გაკეთდა.
"ასეთი განცხადებების გაკეთება იმავე დღეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული შემაკავებელი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა, მდგომარეობის ესკალაციის რისკს ზრდის“, - განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ მაშინაც კი, ქვეყნებს უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნის საკითხი რომ განეხილათ, ეს გეგმები შესაძლოა გაუქმებულიყო მას შემდეგ, რაც ბორელმა ისინი გაასაჯაროვა.