ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს - ბაბინ იარის შემდეგ, რას უწოდებთ "სამხედრო ობიექტებს“: წმინდა სოფიას ტაძარს? ლავრას, თუ წმინდა ანდრიას ეკლესიას?
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს შეკითხვით მიმართავს, ბაბინ იარის შემდეგ, რას უწოდებს "სამხედრო ობიექტებს“: წმინდა სოფიას ტაძარს, ლავრას თუ წმინდა ანდრიას ეკლესიას.
"გუშინ საღამოს და წუხელ მათ განაგრძეს ჩვენს ქალაქებზე დარტყმა - ბომბები, რაკეტები, არტილერია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ისევ და ისევ საცხოვრებელი უბნების წინააღმდეგ. მარიუპოლი, ხარკოვი, კიევი, ჟიტომირი და უკრაინის სხვა ქალაქები და დასახლებები. რა არის შემდეგი ბაბინ იარის მერე? კიდევ რომელი "სამხედრო ობიექტები“ ემუქრება რუსეთს? ნატოს ბაზები? წმინდა სოფიას ტაძარი? ლავრა? წმინდა ანდრიას ეკლესია? რაზედაც არ უნდა ოცნებობდნენ, ეშმაკმა დალახვროს, ღმერთი ჩვენთანაა!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთს შეუძლია დაივიწყოს სპორტული ტურნირები და მსოფლიო კულტურა, რადგან მას მხოლოდ საერთაშორისო ტრიბუნალი ელის.
"რა შედეგი მოჰყვება ამას რუსეთისთვის? ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ გამოჩნდება. თანამედროვე მსოფლიო კულტურა ახლა მათთვის დაიხურება. რუსული საქონელი ამოღებულია მაღაზიების თაროებიდან მთელს მსოფლიოში. რუსული ბანკები გათიშულია გლობალურ სისტემასთან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ნებისმიერ პერსპექტივას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი დედები შვილებს მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში კარგავენ.
"იფიქრეთ ამ რიცხვზე: თითქმის ექვსი ათასი დაღუპული რუსი. რუსი სამხედროები, ომის ექვსი დღის განმავლობაში. ეს არის მტრის დანაკარგების დათვლის გარეშე ბოლო ღამის განმავლობაში.
ჩვენ მშობლიურ მიწაზე ვართ და ჩვენს წინააღმდეგ ომისთვის იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი - მათთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსხვა შვეიცარიის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და აღნიშნა, რომ როდესაც ნეიტრალურმა ქვეყანამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, "რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?".
"ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
მისი შეფასებით, „ამ დროის განმავლობაში უკრაინამ ევროკავშირი ახალ დონეზე გააერთიანა“.
"როცა ევროპარლამენტი იდგა და ტაშს გვიკრავდა ჩვენ, ჩვენს ბრძოლას, ეს იყო ჩვენი ძალისხმევის შეფასება. ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური დაჩქარებული პროცედურა. ჩვენი დიპლომატები და ჩვენი მეგობრები კიდევ უფრო აერთიანებენ მსოფლიოს უკრაინისა და მშვიდობისთვის. ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური!“- აღნიშნა ზელენსკიმ.