"ზელენსკის განცხადების შეფასებისგან უბრალოდ თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია" - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
კალაძის თქმით, საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით ყოველთვის იდგა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
"საქართველო ყოველთვის დგას, იდგა და მომავალშიც იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. ჩვენ პირველივე დღიდან ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნა გამოყენებული, რომ დავდგომოდით გვერდით უკრაინელ ხალხს. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მომავალშიც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს.
რაც შეეხება დახმარებას - ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები ყველანაირად არიან უზრუნველყოფილები. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთი იქნა გაგზავნილი და ამაზე არ ვჩერდებით, ეს გაგრძელდება. მე პირადად კახა კალაძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ დავუდგე გვერდით უკრაინელ ხალხს.
ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება და ვაპირებთ, რომ გავხსნათ ანგარიში იმისთვის, რომ ფინანსური დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს. ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე გავაკეთებთ განცხადებას, თუ სად შეეძლებათ თანხის გადმორიცხვა.
რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას - მე უბრალოდ შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. დანარჩენი შემდეგ გავაკეთებ შეფასებას და განცხადებას," - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა "ამორალური პოზიცია“.