ავტორი:

"ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, ჩვენ ვართ ღირსეული ერი - მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული განაცხადი" - მელია

"ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, ჩვენ ვართ ღირსეული ერი - მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული განაცხადი" - მელია

მივმართავ ევროპას, მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, ჩვენ ვართ დიდი და ღირსეული ერი, ამიტომ, მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეს განაცხადი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ "ქართული ოცნების" ადგილი არ არის ხელისუფლებაში.

„ვულოცავ ქართველ ხალხს, მისმა ბრძოლამ, შემართებამ და თავისუფლების წყურვილმა შედეგი გამოიღო. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე, თანაც დაჩქარებული წესით.

მინდა მივმართო დასავლურ სამყაროს, პრეზიდენტ ზელენსკის, ჩვენ შეიძლება არ გვყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ვართ ღირსეული, მებრძოლი ერი. ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ, ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას. ამიტომ, ვთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ ადგილი არ არის ხელისუფლებაში”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ბრიფინგზე ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „"ნაცმოძრაობას" მრავლად ჰყავს წარმომადგენლები უკრაინაში, მათ შორის დავით არახამია, ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები“ და განაცხადა, რომ „ეს არის პირდაპირი თავდასხმა უკრაინაზე, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ“.

„მაშინ, როდესაც ერთიანი, თავისუფალი სამყარო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მაშინ, როდესაც ევროპის პარლამენტი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავს უკრაინის მებრძოლ პრეზიდენტს, მაშინ, როდესაც მომსწრენი ვართ მსოფლიო საზოგადოების არნახული კონსოლიდაციის და სოლიდარობის უკრაინის მიმართ, საქართველოს მთავრობა რუსეთის, ბელორუსის და ყირგიზეთის კვლავ, საჯაროდ ესხმის თავს პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს. „ქართული ოცნება“ ასევე თავს ესხმის უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს მტერთან, აფხაზეთიდან დევნილს, ბატონ არახამიას. რუსების მსგავსად, არახამიას კრიმინალს უწოდებს. ეს არის პირდაპირი თავდასხმა უკრაინაზე, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. მსგავსი რიტორიკა არის არსობრივად ანტიევროპული.

დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე ზოგიერთ ძალებს უნდათ საქართველოს ომში და სანქციებში ჩართვა. ამით შეეცადა თავისი ხელისუფლების მხდალი და არაკაცული დამოკიდებულება საჯარო გაეხადა მორიგ ჯერზე ბატონ კობახიძეს, „ქართული ოცნების“ მთავრობის სახელით. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, მორალური პოზიციის გამართლების მცდელობა ვიხილეთ ჩვენი. ამაზრზენი იყო საყვედურები, რომ მაგალითად ზელენსკის ბელორუსიიდან არ გამოუწვევია ელჩი. არ მიკვირს კობახიძეს და მისნაირებს, რომ ჰგონიათ, საქართველოსგან იგივეს მოელიან ჩვენი მეგობრები, ლუკაშენკოს რეჟიმისგან. განსხვავება არის დიდი, - საქართველო ითვლებოდა და ითვლება მეგობარ სახელმწიფოდ უკრაინელებისთვის. ტყუილია, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა და სწორედ იმიტომ, რომ არ გვინდა, უნდა ვიყოთ დასავლეთის და ცივილიზებული სამყაროს გვერდით. პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპარეზზე და არა რუსეთის მაჩანჩალა დანამატი, მიტოვებული და განწირული.

კიდევ ერთხელ მივმართავ ევროპას, მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, ჩვენ ვართ დიდი და ღირსეული ერი, ამიტომ, მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეს განაცხადი, ქვეყნის მშვიდობის და ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მელიამ.