ავტორი:

"გამოვიდა ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობა" ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლას ცდილობს" - ხუნდაძე

"გამოვიდა ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობა" ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლას ცდილობს" - ხუნდაძე

დღეს არის ძალიან სახიფათო მდგომარეობა და ნუ აკეთებთ ბიძგს იმისას, რომ ქვეყანაში ცეცხლი აენთოს, რომლითაც დაზიანდება პირველ რიგში თქვენი შვილები, ჩემი შვილები, ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა. მიზანი უნდა იყოს საერთო და არა პარტიული ჭუჭრუტანიდან ყურება, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ქვეყნისთვის ხელის შეშლას ცდილობს და ამისთვის თანხასაც აგროვებს.

"გამოვიდა ინფორმაცია, თუ როგორ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლას. არ ვიცი მე ეს მართალია თუ ტყუილი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ აგროვებს თანხას, რომ უცხოელ ლობისტებთან და პიარის კონკრეტულ წარმომადგენლებთან ერთად იმუშაონ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული გახდეს სანქციებსა და სხვა პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში. მათი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს რეალიზებული არ იქნას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ან არ დაეწეროს „ქართულ ოცნებას“ მასში პოზიტიური მონაწილეობა. გეგმის ნაწილია, მთავრობამ დაკარგოს ლეგიტიმაცია.

ამის ყოველდღიური მცდელობაა. დღეს, როცა საომარი ვითარებაა პრაქტიკულად მსოფლიოში და საქართველო ცხელი წერტილის შესაძლო მონაწილე ყოველ წუთს შეიძლება გახდეს და საზოგადოების ემოციებზე მიდის თამაში, ეს არის ზუსტად ის, რაც ითქმება და დამაჯერებლობა ემატება ამას. არ ვიცი, დასაჯერებელია, ტყუილი თუ მართალი, მაგრამ ყოველდღე ამას ცდილობს ოპოზიცია, რომ დაძაბულობა შექმნას ქვეყანაში, რაც ხელისუფლების დისკრედიტაცია, თუ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა გადის ქვეყნისა და საზოგადოების საფრთხეზე და მათი უსაფრთხოების ხელყოფაზე. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მორატორიუმი გამოვაცხადოთ, ან დამშვიდდით ცოტა ხანს, ერთად დავმშვიდდეთ და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენ სალაპარაკოზე. დღეს არის ძალიან სახიფათო მდგომარეობა და ნუ აკეთებთ ბიძგს იმისას, რომ ქვეყანაში ცეცხლი აენთოს, რომლითაც დაზიანდება პირველ რიგში თქვენი შვილები, ჩემი შვილები, ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა. მიზანი უნდა იყოს საერთო და არა პარტიული ჭუჭრუტანიდან ყურება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის სახელმწიფო და ქვეყანა უფრო დიდია, ვიდრე „ყვითელი პრესის მიერ გამოტანილი ბინძური ინფორმაცია“.

„ვინც ამას გააკეთებს და იკადრებს, რომ რაიმე სახით ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას, ჩემი პირადი მტერი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ ამ ბინძური ინფორმაციის გავრცელება არ გეკადრებათ, ბატონო დიმიტრი. დავფიქრდეთ ხოლმე რა ემთხვევა რუსულ პროპაგანდას, ვისი გამონათქვამები და რატომ ხდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა დეკანოიძემ.