სოციალურ ქსელებში "ფეისბუქსა" და "ტელეგრამზე" შეიქმნა ჯგუფები, სადაც რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დისკომფორტი შეუქმნა, ოჯახებით საქართველოში საცხოვრებლად წამოსვლის შესახებ წერენ, არკვევენ აქაურ ფასებს, ცხოვრების დონესა და პირობებს. ისინი განსაკუთრებით აქტიურები "ტელეგრამში" არიან.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში არაერთი პოსტი დაიწერა და საზოგადოების დიდი ნაწილი საკითხის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და თვლიან, რომ ყოველივე შესაძლოა, ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით რისკებსა და საფრთხეს შეიცავდეს. შეიქმნა პეტიციაც, რომელზე ხელის მომწერნიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ (გაეცანით პეტიციას).
ვნახოთ როგორ ეხმიანებიან რუსების საქართველოში შესაძლო გადმოცხოვრების საკითხს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები:
თინა ხიდაშელი: თუკი სიმართლეა რომ რუსები ტოვებენ საკუთარ ქვეყანას, ორი მიზეზი შეიძლება ქონდეს ამას - გაურბიან დიქტატორს და მოსალოდნელ რეპრესიებს; გაურბიან სანქციების დისკომფორტს. ეს ორი სრულიად სხვადასხვა მიზეზია და მიდგომაც შესაბამისი უნდა იყოს. ქსენოფობიაში არ უნდა გადაგვეზარდოს სიბრაზე. ამიტომ მოიგონეს სავიზო რეჟიმი, რომ გაიცხრილოს მომმართველი. სანქციებს გამოქცეულები, დღესაც პუტინის სურათები რომ უდევთ ფბ გვერდებზე, არ უნდა შემოვუშვათ საქართველოში.
გია ხუხაშვილი: თუ ჩვენ უნდა ვიფიქროთ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მოგზაურობის შეზღუდვაზე, ამ ეტაპზე შესაძლებელია კანონი "ოკუპაციის შესახებ” გავავრცელოთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომელმაც უკრაინა-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა ომის დროს. ანუ, საოკუპაციო ძალები და მათი მხარდამჭერები. მათ შორის, ვინც ჩავიდა ყირიმში. ეს იქნება ის ნაბიჯი, რომლითაც ჩვენი შერცხვენილი ქვეყანა ცოტათი მაინც მოიწმენდს ნამუსს უკრაინასთან.
ინგა გრიგოლია: მე არ ვემხრობი ამ კატეგორიულ მოთხოვნებს, რუსები არ შემოვუშვათ, საქართველოში გადმოსვლის საშუალება არ მივცეთ , სახლი არ მივაქირავოთ და ასე შემდეგ, შეიძლება, იმ ხალხსაც უნდა, გამოასწროს თავიანთ რუს კიმ ჩენინს და ვისაც აღარ შეუძლია და აღარ უნდა პუტინის რუსეთში ცხოვრება, რატომ არ უნდა შევეშველოთ, უარი თქვან თავიანთ ფაშისტურ რეჟიმზე? მე რომ მომადგეს ვინმე და აღარ შემიძლია პუტინის რუსეთშიო, გული მერევაო, უკრაინელების მრცხვენია, მეტირება ომზე და უნდა გამოვიქცე რუსეთიდანო, რატომ არ უნდა მივეხმარო? ,,ყველა რუსი ცუდიას, არ მივიღებ, არც ორი რუსეთის თემისა მჯერა. მჯერა ადამიანების-ცუდების და კარგების, არა ეროვნების მიხედვით.
ნატო დუმბაძე (პროდიუსერი): რუსეთიდან ჩვენთან გამოქცეულები იმ ქვეყნებში რომ გაუშვათ ვინც ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო აღიარა, არ იქნება ურიგო!
ეკო ფანგანი (ტელეწამყვანი): რუსეთის მოქალაქეებისთვის გვჭირდება სავიზო რეჟიმი! ისინი ფულს ვეღარ აკეთებენ თავის ქვეყანაში და მორბიან ჩვენთან “სოლნეჩნაია გრუზიაში”?არა!!! არაა!!! არაა!!!!!!!
ანდრია გველესიანი (მომღერალი): აქ გამორბიან კი არა !!დარჩნენ იქ სადაც არიან და ჩამოაგდონ ტირანი მმართველი!! ოლიგარქები აუმხედრდნენ პუტინსო..აუმხედრდნენ იმიტომ, რომ გაკოტრება დაიწყეს!! უმეტესობაც იმიტომ მორბის აქ, რომ აქ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ მატერიალური თვალსაზრისით, რადგან მათი ქვეყანა დიდ კრიზისში შედის!! უმრავლესობა თავიანთი კომფორტის გამო დგამს ამ ნაბიჯებს და არა იმიტომ, რომ სისხლიანი რეჟიმი და უკრაინაში დაღუპული მოსახლეობა ადარდებთ!! აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ ყველა იქიდან შემომსვლელი და შემოსვლაც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს! არ დავიწყებ თუ რამხელა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ამ უკონტროლო ხალხის შემოდინების გამო!Слава Україні! ეს ყველას ომია მსოფლიო ტირანის წინააღმდეგ!