ავტორი:

"აქამდე მარტში საერთოდ არ გვქონდა რუსებისგან ჯავშნები, მატება იგრძნობა" - რას წერენ რუსები სოცქსელებში და რას უქადის საქართველოს "რუსული დესანტი"?

"აქამდე მარტში საერთოდ არ გვქონდა რუსებისგან ჯავშნები, მატება იგრძნობა" - რას წერენ რუსები სოცქსელებში და რას უქადის საქართველოს "რუსული დესანტი"?

უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის კვალდაკვალ, პუტინის რეჟიმმა ომი გამოუცხადა სოციალურ ქსელებსა და მედიის იმ ნაწილსაც, რომელიც პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისა და მსოფლიოსთვის ცდილობდა, უკრაინაში მიმდინარე პროცესები ობიექტურად გაეშუქებინა.

4 მარტიდან, რუსეთის მოსახლეობის მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ იყენებს "ფეისბუქს", "გლობალჩექს", "ტვიტერს", მედუზასა" და Deutsche Welle-ს რუსული სამსახურების ვებსაიტებს.

არაერთი გაფრთხილების შემდეგ, დაიბლოკა ანტიპუტინისტური ტელეკომპანია "დოჟდიც". აქტიური პოლიტოლოგები, ექსპერტები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, ვინც წლების განმავლობაში ცდილობდა პუტინის რეჟიმი გაეპროტესტებინა, გააფრთხილეს, რომ რუსეთი დატოვონ. მათ შორის არიან, აღნიშნული ტელეკომპანიის მთავარი რედაქტორი, ტიხონ დიატკო და ჟურნალისტთა ნაწილი. ზოგიერთებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.

რუსულ მედიასივრცეში აქტიური პოლიტოლოგი, ფონდ "პერსპექტივას" პრეზიდენტი ლეონიდ გოზმანი, სოციალური ქსელის დაბლოკვამდე ერთი დღით ადრე თავის გვერდზე წერდა, რომ ახლობლები რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

"ყველა მხრიდან მეუბნებიან, რომ სასწრაფოდ უნდა წავიდე, ვიდრე გვიანი არ არის... ზოგი მეუბნება, რომ გვიანია... თუნდაც ფეხით გადავიდე საზღვარზე და, რომელიმე ქვეყანას თავშესაფარი მოვთხოვო და ა.შ... ჩემს გარშემო ყველა მიდის, ოღონდ იმედოვნებენ, რომ დროებით, თუმცა, შესაძლოა, სამუდამოდაც. ყველაფერი ინგრევა.

მე და ჩემი მეუღლე დავრჩით. ვაცნობიერებთ საფრთხეს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი ცხოვრება. პატარა ასაკის არ ვართ და არ გვინდა, დარჩენილი წლები, ლტოლვილობაში გავატაროთ. თუმცა, არც ციხეში გვინდა, თუმცა, გაქცევაც მიუღებელია ჩემთვის... მე მგონია, რომ ჩემი ქვეყნითვის სიკეთე გვაქვს გაკეთებული, იმიტომ, რომ მუდმივად გამოვდიოდი ამ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს გამოვსულვართ. არ ვიცი, რა იქნება, უახლოეს საათებში, მაგრამ ჯერ აქ ვართ..." - წერს გოზმანი.

იგივე შინაარსის პოსტები ვრცელდება სხვადასხვა სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში.

"მეც იგივეს მეუბნებიან, მაგრამ ახლა ქვეყნდან წასვლა ყველაზე არასწორი ნაბიჯი მგონია, პირიქით, ვალდებული ვართ, მსოფლიოს დავანახოთ, რომ რუსეთი მხოლოდ პუტინი არ არის. სამწუხაროდ, ბევრი იზიარებს იმ დამნაშავე პუტინის იდეოლოგიას, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო რუსეთიც და მსოფლიოც. როგორც ჩანს, მას სინამდვილეში მცირე ნაწილი ვებრძოდით... ყველას ვერ დაგვხოცავენ და იქნებ, ხალხი კიდევ უფრო გამოფხიზლდეს. სადმე ვიწრო იქნება და იქნებ გაწყდეს. ამბობენ, რომ პუტინი ბუნკერშია, ესე იგი იმალება, მაგრამ ყველაზე სწრაფად შიგნიდან შეიძლება მისი რეჟიმის დასუსტება. იქნებ შევძლოთ" - წერს ბორის მასტეროვი.

რუსეთში მცხოვრებლების გარკვეული ნაწილი ინტერესდება საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლის პირობებით.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ასეთი შინაარსის პოსტები:

"ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას, იქნებ გვირჩიოთ, რომელია ყველაზე ყველაზე კომფორტული და შედარებით იაფიანი ქალაქი? როგორ ჯობია საცხოვრებლის პოვნა - უძრავი ქონების აგენტის დახმარებით თუ პირადი კონტაქტებით? რა საბუთებია საჭირო ბავშვის სკოლაში მისაყვანად, თუ არსებობს რუსული ან ინგლისურონევანი სკოლები?!. გმადლობთ".

"რამდენჯერმე ვარ საქართველოში ნამყოფი, ტურისტულად, საქმიანი ვიზიტით... ჩემი ქვეყნის გარდა, თუ სადმე ვიცხოვრებდი, ალბათ მხოლოდ საქართველოში, მაგრამ ახლა ყველგან ვძულვართ, შესაბამისად, ქართველი საზოგადოებაც ხედავს, აქ რაც ხდება... იქნებ რამე გზები იცოდეთ, ვინც აქამდე წასულა, ქონება შეუძენია, როგორ ხდება, რამდენად რთული პროცედურაა. მინდა ჩემი შვილები მშვიდ, მეგობრულ გარემოში ცხოვრობდნენ".

ამას გარდა "ტელეგრამში" არსებობს ჯგუფი, რომელშიც უკვე დაახლოებით 11 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული. ჯგუფში რუსეთის მოქალაქეები თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონებში ბინების ფასებით ინტერესდებიან, ასევე ინფორმაციას ეძებენ სამსახურების შესახებაც.

ე.წ. რუსი ლტოლვილების საქართველოში შემოსვლას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ქართველ საზოგადოებაში. ნაწილი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული რუსები ქვეყნისთვის საფრთხედ იქცევიან.

სხვები მიიჩნევენ, მათი იდეოლოგიურად გაფილტვრა უნდა მოხდეს, რადგან იქ არიან ისეთები, ვინც პუტინის რეჟიმს ებრძოდა. ზოგის თქმით, იმ "ნორმალური რუსების საქართველოში არშემოშვება იგივეა, ჰიტლერელებისგან თავის დროზე გაქცეული გერმანელი ინტელექტუალები ამუნათო... ".

ამასობაში, გაჩნდა მოთხოვნა რუსეთთან სპეციალური სავიზო რეჟიმის დაწესებთან დაკავშირებით. პეტიცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა და მისი ადრესატი საქართველოს მთავრობაა:

"ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფაშისტური სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთი მოექცა მსოფლიო იზოლაციისა და სანქციების ქვეშ, რაც გახდა მოტივი უამრავი რუსისთვის დატოვოს საკუთარი ქვეყანა და თავი შეაფაროს სხვა სახელმწიფოებს. გაჩნდა ტელეგრამში უამრავი ჯგუფი, სადაც რუსეთის მოქალაქეები აქტიურად განიხილავენ საქართველოში მოხვედრის გზებს და ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებით.

უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გახსნილი საზღვრის პირობებში, ათი ათასობით რუსი ოჯახი ჩამოვა და დასახლდება ჩვენთან.

ამიტომ, საქართველოში შემოსასვლელად ვითხოვთ რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეთ სპეციალური (დროებითი) სავიზო რეჟიმი. ვიზა მიეცეთ რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებიან პუტინის დიქტატორული რეჟიმის მიერ და რომელთა სიცოცხლე/ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არის მათი რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნით. აგრეთვე, ყველა მათგანმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ვლადიმერ პუტინის ფაშისტურ სამხედრო მოქმედებებს! ასეთი სპეციალური სავიზო რეჟიმი უნდა იქნეს შენარჩუნებული მინიმუმ საომარი ვითარების დასრულებამდე და მსოფლიო წესრიგის აღდგენამდე. ცნობისთვის, ამ მომენტამდე, რუსეთს ცალმხრივად აქვს სავიზო რეჟიმი დაწესებული საქართველოსთან..." - ნათქვამია მიმართვაში.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ AMBEBI.GE რამდენიმე სასტუმროსაც დაუკავშირდა, რათა გაგვეგო, დაიჯავშნა თუ არა ნომრები რუსეთის მოქალაქეებზე. ბევრი მათგანი აღნიშნულ საკითხზე საუბარს თავს არიდებს. თუმცა სასტუმრო "გრანდ პალასის" მენეჯერი გიორგი შიმშილაშვილი Ambebi.ge-სთან აცხადებს, რომ მათთან ბოლო რამდენიმე დღეა რუსი ტურისტების მატება აშკარად შეინიშნება.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მარტში საერთოდ არ გვქონდა რუსების ჯავშნები, მატება იგრძნობა. მაგალითად, მხოლოდ გუშინ და გუშინწინ, დაახლოებით, 10 ჯავშანი მივიღეთ. გუშინ ბელარუსიდანაც ჩამოვიდნენ სტუმრები. მაქვს ინფორმაცია, რომ სხვა სასტუმროებშიც მსგავსი სიტუაციაა, განსაკუთრებით აპარტამენტებში. იქ საერთოდ კატასტროფა ხდება",- ამბობს გიორგი შიმშილაშვილი.

ცნობისთვის, სამეწარმეო რეესტრში ახალი სამეწარმეო სუბიექტების რეგისტრაციაზე გაკეთებული მოთხოვნის უმეტესობა რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქმის განხილვა შეჩერებულია, რადგან მოთხოვნის განსახილველად, ერთთვიანი ვადაა საჭირო.

ოფიციალური თბილისის ინფორმაციით, ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჭარბი რაოდენობით ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეების ნებისმიერი წუხილი, რაც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოებას, ხელისუფლების მხრიდან დაზღვეული იქნება.

"ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჭარბი რაოდენობით ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა ამ ეტაპზე საქართველოში. თუმცა, ადამიანებს აქვთ გულწრფელი წუხილი ასეთ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. ნებისმიერი წუხილი რაც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, დაზღვეული იქნება ხელისუფლების მხრიდან. შეგვიძლია მოქალაქეები დავამშვიდოთ", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე: არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება მზად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს დახმარება გაუწიოს, კობახიძემ აღნიშნა: "რუსეთის მოქალაქეების დახმარებაზე ვერ იქნება საუბარი".

"აქ საუბარია რეჟიმზე, რომელიც საქართველოში არის დადგენილი მიმოსვლისთვის. ეს რეჟიმი დადგინდა 2012 წლის თებერვალში „ნაციონალური მოძრაობს“ ხელისუფლების მიერ. ეს არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ჩვენ ეს არ შეგვიცვლია. დღემდე მოქმედებს საქართველოში წინა ხელისუფლების მიერ დადგენილი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ რეჟიმის ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან არადისკრიმინაციული მიდგომა. ამაზე ვართ პასუხისმგებლები. რაც შეეხება გამკაცრებას, გამკაცრდება კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება დისკრიმინაციის აღკვეთას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას. ამ ნაწილში გვექნება გამკაცრება“, - განაცხადა კობახიძემ.