თამარ კვირკველია აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონია. ორი შვილის დედა და პროფესიით ჟურნალისტი გვეუბნება, რომ ჩვენთვის ამბავი აქვს მოსაყოლი. თამარი ამაზე ოდესმე ალბათ, საჯაროდ ისაუბრებდა, მაგრამ ახლა, როცა უკრაინა და მისი მოსახლეობა რუსეთის საოცარი აგრესიის პირისპირ აღმოჩნდა, სწორედ ახლა სურს, მათი ოჯახის მიერ გადატანილ მართლაც მძიმე და გულისამაჩუყებელ ამბავზე მოგვითხროს...
თამარ კვირკველია:
- ჩემი ბაბუა აპოლონ კვირკველია გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩედან იყო... ჯარში უკრაინაში მსახურობდა, სადაც უკრაინელი გოგონა ტატიანა გაიცნო, შეუყვარდა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ტატიანას და აპოლონს საქართველოში ვაჟი შეეძინათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ტატიანა ერთი წლის ბავშვით უკრაინაში წავიდა...
ბაბუამ მეორედ ჩემს ბებიაზე, ნათელა ქობალიაზე იქორწინა. 4 შვილი შეეძინათ (სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი)... მამაჩემის უფროსი ძმა, დედასთან ერთად, უკრაინაში იზრდებოდა, მაგრამ მასთან ჩვენებს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ... ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, მამაჩემის უმცროს ძმას სურვილი გაუჩნდა, ძმის მოსაძებნად უკრაინაში წასულიყო... დიდხანს ეძებდა და ბოლოს იპოვა იურა კვირკველია...
მას ტატიანას ძველი მისამართი ჩემმა დიდმა ბებიამ თამარამ მისცა, რადგანაც ახსოვდა, წლების წინ პატარძალი საიდან წამოიყვანეს... ყველაზე გულისამაჩუყებელი ის არის, რომ იურას ჭიშკარზე გვარი - კვირკველია ეწერა... მას იმ დროისთვის უკვე მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავდა...
შეხვედრის ეპიზოდიც ძალიან გულისამაჩუყებელი იყო. მისამართზე მისულ ჩემს ბიძიას ტატიანა დახვდა. მას რომანი დაუნახავს თუ არა, მაშინვე მიმხვდარა, ვინც იყო, რადგანაც ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ტატიანა მუხლებზე დაცემულა და უთქვამს - ამ მომენტს მთელი 37 წელი ველოდიო...
- საინტერესოა, როგორი იყო ძმების შეხვედრის ეპიზოდიც...
- იურასთან სამსახურში წასულან. ის შესვენებაზე გამოსული, კარისკენ ზურგით მჯდარა. დედას მისთვის აკანკალებული ხმით უთქვამს, - ნახე, იურა, ვინ ჩამოვიდა? არ ვიცი როგორ, ალბათ, გულმა უგრძნო, ისე, რომ არც მობრუნებულა უკითხავს - Мой братик приехал?
- დედა, როგორც ჩანს, საქართველოზე ელაპარაკებოდა ხოლმე...
- ძალიან გულისამაჩუყებელია ისიც, რომ სადღაც უკრაინაში, 36 წლის წინ საქართველოდან წაყვანილ და იქ გაზრდილ კაცს სახლის ჭიშკარზე გვარი, კვირკველია ეწერა... მერე მოხდა ის, რაც ალბათ ჩვენი ტვირთი იქნება მთელი ცხოვრება...
- რას გულისხმობთ?
- ბიძაჩემმა იურა დაითანხმა, ჩვენთან აფხაზეთში წამოსულიყო... თუმცა მანამდე ბიძაჩემს აფხაზეთში თავისი უფროსი შვილი, სერგეი გამოაყოლა. ერთ თვეში კი შვილს წერილი გამოუგზავნა და თავისთან დაიბარა, - დიდი მანქანით ჩამოდი, მე აქ ყველაფერი გავყიდე, ჩემოდნებზე ვზივარ და თქვენთან წამიყვანეო...
...ყველამ ერთად აფხაზეთში დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ, რადგანაც უკრაინაში ყველაფერი გაყიდა და მთელი ოჯახით ვარჩეში ჩამოვიდა. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ჩვენი ბიძაშვილები ქართულს სწავლობდნენ, ჩვენ - უკრაინულს, მაგრამ იმის მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და არც ჩვენ და არც მათ აღარ გვახსოვს... ძმებმა იურას ოჯახისთვის სახლის მშენებლობა დაიწყეს, ოთხივე ძმის სახლი ერთმანეთის გვერდით უნდა ყოფილიყო...
ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც არის - როგორც გითხარით, ჩემი ბებია ნათელა ქობალია არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო-მეთქი, მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სახლში მეუღლის ყოფილი ცოლი მიიღო. დამეთანხმებით, ამას დიდსულოვნება სჭირდება. ამ ორ ქალბატონს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა... მაგრამ ცოტა ხანში დაიწყო აფხაზეთის ომი...
იურა თავის ძმებთან ერთად, ბოლომდე იბრძოდა და მხოლოდ სოხუმის დაცემის შემდეგ წავიდა უკრაინაში. საბოლოოდ აფხაზეთიდან ყველანი გამოგვაქციეს. მამიდა და ბიძა, რომელმაც იურა იპოვა, საცხოვრებლად ბორჯომში მოხვდნენ. მეორე ბიძა ზუგდიდში დამკვიდრდა. ჩვენ ხუთი ქალაქი თუ სოფელი გამოვიცვალეთ და საბოლოოდ თბილისში დავრჩით.
- უკრაინაში დაბრუნებულ ნათესავებთან ომის შემდეგ აღარ გქონდათ კონტაქტი?
- ჩვენ წლების განმავლობაში მათზე არაფერი ვიცოდით... როგორც შემდეგ გავიგეთ, მათთვის მძიმე ცხოვრება დაიწყო, ძალიან გაუჭირდათ, რადგანაც იქ უკვე არაფერი ჰქონდათ და ყველაფერი ნულიდან იყო დასაწყები. მთელი სოფელი ეხმარებოდათ, რომ თავი გაეტანათ...
ბავშვები სკოლაშიც ვეღარ დადიოდნენ, ვერ იღებდნენ სახელმწიფოსგან ვერანაირ დახმარებას იმის გამო, რომ საბუთები არ ჰქონდათ, უკრაინიდან ამოწერილები იყვნენ...
- ახლა სად არიან?
- რამდენიმე წლის წინ, ამჯერად უკვე მე, სოციალური ქსელის მეშვეობით, ჩემი ბიძაშვილი სერგეი ვიპოვე. ის რამდენიმე თვეში ჩვენთან კიევიდან ჩამოვიდა. შემდეგ ჩამოსვლაზე მშობლებიც ჩამოიყვანა, ეს და-ძმებისთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. საოცარი შეხვედრა... უკან რომ ბრუნდებოდნენ, ერთმანეთს ცრემლებით დაშორდნენ...
ახლახან, იანვარში სერგეი დასთან, ნატალიასთან და დისშვილთან, პატარა სტეფანიასთან ერთად გვსტუმრობდნენ. საერთოდ, სერგეი, ნატალია, ვალია და კოლია - არაჩვეულებრივი ადამიანები არიან... ახლაც საოცარი დღეები გავატარეთ ერთად. წავიდნენ და დაიწყო ეს საზარელი ომი. ომში ამჯერად მეორედ აღმოჩნდნენ...
- კერძოდ სად არიან?
- სერგეი კიევშია, ნატალია თავის 4 წლის გოგონასთან ერთად, პოლონეთის საზღვარზე გადავიდა, დანარჩენები - მირგოროდში არიან... ეხმარებიან ჯარისკაცებს, უმზადებენ საჭმელს, ისეთი მამაცები არიან, აქეთ გვამხნევებენ და გვამშვიდებენ, ყველაფერი კარგად იქნება. აფხაზეთის ომი გადავიტანეთ და ამასაც გავუძლებთო...
- ბიძია იურა სად არის?
- ის და ბიცოლა მარიაც მათთან ერთად არიან... ნატალიას, რომელიც ქმარმა პოლონეთში გადაიყვანა, ძალიან უჭირს ახლა. ინტერნეტით რომ ვსაუბრობთ, ტირის, განიცდის, რადგანაც ოჯახისგან შორს უწევს ყოფნა... საოცრად მოსიყვარულეები და თბილები არიან. ხომ ვამბობ, აქეთ გვამხნევებენ, დაიძინეთ, ნუ დარდობთ, ყველაფერი კარგად იქნებაო...
არადა, რაც ომი დაიწყო, ძილი გაგვიტყდა. დღეც და ღამეს ამ საშინელ მდგომარეობაზე ვფიქრობთ... მათ აქედან ყველანაირად ვამხნევებთ, გვერდში ვუდგავართ, როგორც შეგვიძლია, მაგრამ ასე შორიდან ყურება ძალიან ძნელია... მე და ჩემი შვილები თბილისში გამართულ აქციაზე ვიყავით, რომ უკრაინელებისთვის მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა.