ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს.
სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად ერთადერთი გზა არსებობს - ნატოს საჰაერო ძალებმა რუსეთის თვითმფრინავები უნდა ჩამოყაროს, რაც ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ნატო არ გეგმავს კონფლიქტში ჩართვას არც ხმელეთზე და არც ცაში.
"ეს იქნება კიდევ უფრო სახიფათო, უფრო დამანგრეველი და მოიტანს დიდ ადამიანურ წამებას. ამიტომ, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ უკრაინაში შესვლას, არც ხმელეთით, არც უკრაინის საჰაერო სივრცეში. რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა საჰაერო სივრცის ჩასაკეტად, არის ნატოს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და ჩაკეტილი საჰაერო ზონის შექმნა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების გზით.
ჩვენ გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ეს, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს სრულმასშტაბიან ომამდე ევროპაში უფრო მეტი ქვეყნის ჩართულობით და მიგვიყვანს ბევრად მეტ ადამიანურ ტანჯვამდე. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც მივედით ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე, რომ გამოვიყენოთ მძიმე სანქციები, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ უკრაინას, გავაძლიეროთ ეს დახმარება, მაგრამ ეს გავაკეთოთ ნატოს ძალების უშუალოდ კონფლიქტში ჩაურთველად არც ხმელეთზე და არც ცაში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და გამოიყვანოს ჯარი ქვეყნის ტერიტორიიდან ყოველგვარი პირობების გარეშე.
"ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ პრეზიდენტ პუტინს განზრახული ჰქონდა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა. სწორედ ამიტომ ალიანსის წევრი ქვეყნები იყენებდნენ მთელს ძალისხმევას დიპლომატიური გამოსავლის მოსაძებნად. ამავდროულად, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთი გადაიხდიდა ძალიან მაღალ ფასს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. ახლა რუსეთი იხდის ამ ფასს. ამ ომს პუტინი გეგმავს და ახორციელებს მშვიდობიანი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ეს ომი დაუყოვნებლივ, გამოიყვანოს მისი ძალები უკრაინიდან ყოველგვარი პირობის გარეშე და მიიღოს მონაწილეობა დიპლომატიაში ახლა,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.