ოკუპანტებს უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის საჭირო რესურსი თითქმის ამოეწურათ. ამის შესახებ Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ჰრისტო გროზევმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ჯარი გასაძლიერებლად ახალ რესურსს გამოიძახებს, თუმცა რთული იქნება მისი ადგილზე მიწოდება.
გროზევი ამტკიცებს, რომ არსებული შეიარაღებითა და ცოცხალი ძალით რუსეთის ჯარი მხოლოდ 6 მარტამდე გაძლებს, რის შემდეგაც, ჟურნალისტის ვარაუდით, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მარცხი ელოდება.
ამავე დროს ის აზუსტებს, რომ 6 მარტი ომის დასრულების თარიღი არ იქნება, რადგან რუსეთის ჯარს რესურსის შევსების საშუალება კვლავ გააჩნია.
"მსურს დავაზუსტო, რომ 6 მარტს ომი არ დასრულდება. მე ვგულისხმობ იმ სამხედრო რესურსს, რომელიც რუსეთის ჯარს უკრაინის ტერიტორიაზე აქვს. მათ კვლავ შეუძლიათ მეტი რესურსის (იარაღი, საწვავი და სხვა ინვენტარი) მობილიზება, თუმცა ეს ლოჯისტიკური კოშმარი იქნება“, - აცხადებს ჰრისტო გროზევი.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 5 მარტამდე რუსეთის სამხედრო დანაკარგი 9 100 ადამიანს აღემატება. ამასთან, რუსეთმა 251 ტანკი, 939 ჯავშანმანქანა, 105 საარტილერიო სისტემა, 33 თვითმფრინავი, 37 შვეულმფრენი და ათეულობით სხვა ტექნიკა დაკარგა.