"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის დღეს მოსმენას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ უკრაინის თემაზე და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე ხმაურიანი საპარლამენტო განხილვებისთვის თავი აერიდებინა. როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის წევრების ქმედების მიზეზი ისაა, რომ ელოდებიან, რა შედეგი ექნება რუსეთ - უკრაინის ომს.
"არ ვიცი, შეიძლება „ოცნება“ პრეზიდენტსაც ებრძვის იმ თვალსაზრისით, რომ არ უნდა, პრეზიდენტმა ქულები დაიწეროს, მაგრამ ობიექტურად, მთავარი მიზეზი, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ თავი აარიდა ისაა, რომ ალბათ ელოდებიან, რა მოხდება, როგორ გაირკვევა რუსეთ - უკრაინის ომის ამბები. სინამდვილეში მორალური საკითხი უკვე გარკვეულია, მტყუან-მართალი ვიცით. შედეგების ლოდინი, რა მოხდება ომში, ჩემი აზრით, ჩვენს საქმეს აფუჭებს. ჩვენ გვეჩქარება ევროკავშირში უკრაინასთან ერთად წასვლა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
როგორც ხვიჩია ამბობს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და მმართველი გუნდის რიტორიკაში განსხვავებაა - „ერთს საუბრობს პრეზიდენტი, მეორენაირად იქცევა მთავრობა“.
რაც შეეხება საქართველოს მიერ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანას, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო „კოზირი“ უნდა ყოფილიყო, რისი დახარჯვაც ახლა მოუწია.
"ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი წინასაარჩევნო კოზირის, დაპირების დახარჯვა ახლა მოუწია. არჩევნების წინ უნდა გაეკეთებინა ეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არასწორი მიმართულებით მიდიან და ადამიანების განწყობა ასეთი არ არის. რაც შეეხება ამ განაცხადის ასე შეტანას, რომ თან ამის საწინააღმდეგოდ იქცევიან, ამას როგორი შედეგი ექნება, ყველა ვნახავთ. მიუხედავად იმისა, როგორი მთავრობა გვყავს, ვგულშემატკივრობ იმას, რომ დასავლეთის კარებს გაგვიხსნან უკრაინასთან ერთად. მაგრამ ასე რომ არ მოხდეს და მხოლოდ უკრაინისთვის გახსნან კარი, ხოლო მთავრობამ დაიწყოს ახსნა, რომ უკრაინაში ომი იყო და ამიტომ მოხდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენი მთავრობის მორალთან შეუსაბამო გადაწყვეტილების შედეგი იქნება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.