რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და ძალაუფლების ვიქტორ იანუკოვიჩისთვის გადაცემა შესთავაზა, - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა ტელეგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა.
კადიროვი აცხადებს, რომ „ზელენსკი გაიქცა“ და სთხოვს დაბრუნდეს კიევში, მიიღოს რუსეთის მოთხოვნები და პატიება სთხოვოს უკრაინელებს.
„სახის გადარჩენა და გზაზე ღირსეულად სიარული არ არის გვიანი. ნუ შეურაცხყოფ ხალხს. დაბრუნდი, ვოლოდიმირ! ნუთუ გსურთ აირჩიოთ მიხეილ სააკაშვილის გზა და დარჩენილი დრო გაატაროთ შიშისგან ჰალსტუხის ღეჭვაში? არ არის საუკეთესო ვარიანტი...“ - აღნიშნა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ იანუკოვიჩი რჩება უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. რუსული მედიის ცნობით, რომელიც უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს ილია კივას ეყრდნობა, ომის ფონზე ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და სავარაუდოდ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა.
თავად პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევში იმყოფებოდა და არსად წასულა.
შეგახსენებთ, იანუკოვიჩი 2014 წელს ჩამოაგდეს სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან. უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული. ის უკვე ნასამართლევია სამშობლოს ღალატისთვის და დაუსწრებლად მისჯილი აქვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.