რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის მთავრობამ ორი დღის განმავლობაში უნდა შეადგინოს იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ "არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ორი დღის ვადაში უნდა დაადგინოს იმ სახელმწიფოების სია, რომლებიც რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არამეგობრულ ქმედებებს სჩადიან“, - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, პუტინის განკარგულების თანახმად, რუსულ ორგანიზაციებსა და კომპანიებს დროებით მიეცათ უფლება კრედიტორებს, რომლებიც "არამეგობრული ქვეყნების" სიიდან იქნებიან, ვალი რუბლში გადაუხადონ.