ავტორი:

პუტინმა ერდოღანთან დიალოგისას უკრაინაში "სპეცოპერაციის შეწყვეტის" პირობა დაასახელა - თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დეტალები

პუტინმა ერდოღანთან დიალოგისას უკრაინაში "სპეცოპერაციის შეწყვეტის" პირობა დაასახელა - თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დეტალები

"დონბასის დასაცავად სპეცოპერაციის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს ბრძოლას და შეასრულებს რუსეთის მოთხოვნებს", - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

"დადასტურდა რუსული მხარის მზადყოფნა უკრაინის ხელისუფლებასთან და უცხოელ პარტნიორებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით დიალოგისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

პუტინმა ყურადღება კიევის მხრიდან მოლაპარაკებების გაჭიანურების მცდელობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ შეხვედრაზე უკრაინელი მომლაპარაკებლები „გამოავლენენ უფრო კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სრულად ითვალისწინებს ახალ რეალობას“.

"ამავდროულად, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ სიცოცხლის გადასარჩენად და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზუსტი დარტყმები განხორციელდება მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელის მოწერისაკენ მოუწოდა.

მათივე ინფორმაციით, ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში.

ამასთან, ერდოღანმა რუსეთის ლიდერს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეამსუბუქებს შეშფოთებას ჰუმანიტარული სიტუაციის გამო.

"პრეზიდენტმა ერდოღანმა განაახლა მოწოდება - "მოდით, ერთად გავხსნათ გზა მშვიდობისთვის", - აცხადებენ პრეზიდენტის ოფისში.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.