ტელეკომპანია "ფორმულას" ოპერატორი, გიორგი ჯიბღაშვილი, სოციალურ ქსელში უკრაინელ ჯარისკაცთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და იხსენებს, როგორ გადაარჩინა ის ოკუპანტის მიერ დამიზნებულ ტყვიას უკრაინელმა მებძოლმა.
როგორც გიორგი ჯიბღაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, საქმე ეხება გასული წლის აპრილში, ქალაქ მარიუპოლში, საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე პოზიციური ბრძოლებს, რომელსაც ის "ფორმულას" ჟურნალისტთან ერთად აშუქებდა.
"ეს ის უკრაინელი ჯარისკაცია, რომელმაც შეამჩნია რუსი, რომელიც 15 მეტრიდან მიმიზნებდა და წამის მეასედში მკრა ხელი და აკოფში დამაწვინა და გადამარჩინა. შემდეკ კი, 5 წუთის განმავლობაში, როდესაც მთელი არმია გვესროდა, ზურგს უკან მომყვებოდა და გამომიყვანა სამშვიდობოს. რის მერეც, რამდენიმე წუთში, დაიბომბა ის ტერიტორია, სადაც შეგვამჩნიეს. მიყვარხართ დედამიწაზე ყველა ერზე მეტად. თქვენ ხართ გული და სული, რომელიც ჩემშია" - წერს ოპერატორი "ფეისბუქში"