წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. იყო აფეთქებების სერია, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე ემსხვერპლა. მოკლედ მოგიყვებით უკრაინაში გასულ ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებ.
უახლესი ინფორმაციით, საპორტო ქალაქ მიკოლაევში სროლები განახლდა
ამ ინფორმციას BBC ავრცელებს.
ქალაქის ოფიციალურ პირებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ ცნობებთან დაკავშირებით, მაგრამ ადგილობრივმა მედიასაშუალება News-N-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაბომბვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო.
New York Times-ის რეპორტიორის, მაიკლ შვირცის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ცა, რომელიც აფეთქებების შედეგად არის განათებული. შვირცმა "ტვიტერზე“ დაწერა, რომ დაბომბვები, როგორც ჩანს, კონცენტრირებულია ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში.
რუსმა სამხედროებმა სოფელ ტუზლასთან სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
ამის შესახებ ოდესის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესსპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
"მტერმა ზღვიდან სარაკეტო შეტევა განახორციელა ტუზლას დასახლების მახლობლად. შეტევა განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“, - განაცხადა ბრაჩუკმა.
მისი თქმით, ზუსტდება ინფორმაცია ტუზლას მიმდებარე დასახლებების შესახებ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
რუსული ავიაიერიშის შედეგად, ხარკოვში ტელე-რადიო მაუწყებლობა შეწყდა
ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაცია "ფეისბუქის“ ოფიცილაურ გვერდზე ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხარკოვის სატელევიზიო ანძის "განმეორებითმა დაბომბვამ" ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობა შეწყვიტა.
"განადგურებულია შენობის ტექნიკური აღჭურვილობის ნაწილი და ჯერ კიდევ ფასდება თავად ანძების დაზიანების ხარისხი“, - ნათქვამია რეგიონული ადმინისტრაცის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 1 -ელ მარტს, რუსეთმა ავიაიერიშები განახორციელა კიევის სატელევიზიო ანძაზეც, რამაც სხვადასხვა მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეფერხება გამოიწვია.
რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, ევაკუაციის დროს, რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
აღნიშნულის შესახებ ირპინის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა "ტელეგრამის" საკუთარ გვერდზე დაწერა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მარკუშინმა აღნიშნა, რომ რუსებმა ხიდზე ევაკუაციის დროს ცეცხლი გახსნეს.
"ოჯახი გარდაიცვალა. ჩემს თვალწინ დაიღუპა ორი პატარა ბავშვი და ორი ზრდასრული“ , - დასძინა რაიონის მერმა. ალექსანდრე მარკუშინის თქმით, მართალია ირპინის ნაწილი რუსმა დამპყრობლებმა დაიკავეს, მაგრამ ირპინის ნაწილი იბრძვის და არ ნებდება.
"ირპინი ომშია, ირპინი არ დანებებულა”, - აღნიშნა მარკუშინმა.
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ჩუგუევი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს
ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თავდაცვითი ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებას სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მიმართულებით. საომარი მოქმედებების დროს განთავისუფლდა ქალაქი ჩუგუევი. ოკუპანტებმა როგორც პერსონალში, ასევე აღჭურვილობაში დიდი დანაკარგი განიცადეს,“- აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
მათივე ინფორმაციით, ლიკვიდირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 61-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი საფრონოვი და რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების მე-11 ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის მეთაურის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი დენის გლებოვი.